სოხუმმა ზურაბიშვილს უპასუხა: "არავითარ "დეესკალაციას" არ ვსაჭიროებთ!"

13-10-2021 11:52:57 კონფლიქტები

სოხუმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების აუცილებლობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "არავითარ "დეეასკალაციას" არ საჭიროებს".

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებამ დღეს გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაშვების პრობლემას "გამოგონილი" უწოდა, ისევე, როგორც "საუბრებს რაღაც ესკალაციაზე".

«როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ხსენებული სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს მშვენივრად ესმით, რომ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 2008 წლის შეთანხმების შესაბამისად, ამ მისიის მანდატი ვრცელდება მხოლოდ აფხაზეთის მიმდებარე ზონაზე და არა რესპუბლლიკის ტერიტორიაზე. სურთ რა, "დაასაბუთონ" მისიის აფხაზეთში დაშვების "აუცილებლობა", საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან გამიზნულ დეზინფორმირებაზე, აცხადებენ რა, რომ მისიის დაშვებამ თითქოსდა "ვითარების დეესკალაციას" უნდა შეუწყოს ხელი. მსგავსი განცხადების აბსურდულობა ნათელია ნებისმიერი გარეშე დამკვირვებლისათვის. აფხაზეთის რესპუბლიკაში დაცულია წესრიგი, ფუნქციონირებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რესპუბლიკა ნამდვილად არ განიცდის არავითარი "დეესკალაციის" საჭიროებას. მსგავსი განცხადებებით საქართველოს ხელმძღვანელობას მხოლოდ შეცდომაში შეჰყავს მისი დასავლელი პარტნიორები და სულ უფრო აშორებს ჩვენს ორ ქვეყანას თანასწორუფლებიანი ცივილიზებული დიალოგის შესაძლებლობას» - ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

სოხუმის შეფასებით, «არაკონსტრუქციულად გამოიყურება საქართველოს ევროპელი მეგობრების ძალზე მიკერძოებული პოზიციაც".

"ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რესპუბლიკისადმი მიდგომებში საბოლოოდ გაიმარჯვებს რეალისტური კურსი, რომელიც პრაგმატიზმსა და არსებული პოლიტიკური რეალობის მკაფიო აღქმას დაეფუძნება», – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშვების აუცილებლობის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანხმების საფუძველზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა. თუმცა სოხუმის ზემოაღნიშნული სადეზინფორმაციო მტკიცებებისგან განსხვავებით, მისიის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მიუხედავად ამისა, ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი რუსეთი, ისევე, როგორც სოხუმი და ცხინვალი, მისიის წარმომადგენლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობას ამ დრომდე არ აძლევენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები