
მინისტრის მოადგილე – EU-ს €75 მლნ-ზე: "ვთქვით უარი, რადგან იყო რისკი, რომ თანხა ისედაც არ ჩამოირიცხებოდა"
13/10/2021 09:09:29 პოლიტიკა, ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო მოსმენაზე დეპუტატ სალომე სამადაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მთავრობამ ევროკავშირის 75-მილიონიან მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი ორი მიზეზის გამო განაცხადა:
იყო ის, რომ თანხა რეფორმების შესრულებაზე იყო მიბმული, მათ შორის იყო სასამართლო რეფორმა, რაზეც არსებობდა ევროკავშირის კრიტიკული პოზიცია, რომ რეფორმა არ იყო შესრულებული, შესაბამისად, არსებობდა რისკი, რომ ევროკავშირი საქართველოს ამ თანხას ისედაც არ ჩაურიცხავდა.
მეორე მიზეზად კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვალის შემცირების პოლიტიკას ასახელებს.
ამდენად, კაკაურიძემ ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ამ ვალზე უარის თქმის ძირითადი მიზეზი პოლიტიკური მოტივი იყო.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქვეყანას სხვა რეფორმების შეუსრულებლობის გამო, სესხებთან ერთად, კონკრეტული დონორების გრანტებიც ვერ მიუღია.
"უშუალოდ ევროკავშირის 75 მილიონი ევრო, ეს იყო ერთ-ერთი დაფინანსება, რომელიც მოჰყვებოდა რეფორმებს, დაახლოებით, 10-12 მიმართულებით მოიცავდა გასატარებელ რეფორმებს, რომ გავყვეთ თითოეულს, ყველა მათგანი იყო შესრულებული. დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი [სასამართლო რეფორმა], რომელზეც ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შესრულდა ზუსტად ის, რაც ეწერა ამ ხელშეკრულებაში. ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო განცხადებები იყო, რომ ეს ვალდებულება არ იყო შესრულებული და გატარებული ცვლილებები შინაარსობრივად არ შეიცავდა იმას, რაც დოკუმენტში შინაარსობრივად იგულისხმებოდა. ევროკავშირის ამ სესხს პირობები ნამდვილად კარგი აქვს, თუმცა არის სესხი და დასაბრუნებელია ეს თანხა, თუმცა პირობების კუთხით ბევრ სესხთან მიმართებაში უკეთესი პირობებითაც არის. ამ რეფორმების განხორციელება ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია, ყველა რეფორმა გარდა ამ სასამართლო რეფორმისა, მათ შორის ეს იყო საწარმოებისთვის გარკვეული კოდექსის შემუშავება და სხვა ცვლილებები, რაც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გასატარებელი იყო, მათი ექსპერტების ჩართულობით ყველაფერი განხორციელდა.
დარჩა მხოლოდ სასამართლო რეფორმის ნაწილი, რომელზეც სხვადასხვა პოზიცია არსებობდა აქ ვინც ჩართული იყო იმ მხარესა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის; როდესაც დადგა, რომ რაღაცა პრობლემა შეიძლება ამ სესხს ჰქონოდა, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ რომელ სესხზე ვთქვათ უარი? - ვთქვით ისეთ სესხზე უარი, რომელზეც რისკი არსებობდა, რომ არ ჩამოირიცხებოდა.
ზოგადად, რეფორმებზე დაფუძნებული ფინანსური ხელშეკრულებები, ნაწილობრივ გრანტი და ნაწილობრივ სესხი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ყოფილა მანამდეც, რომ გრანტის ნაწილიც ვერ მიგვიღია მანამდე გარკვეული რეფორმების გაუტარებლობის გამო, გრანტი შედარებით ცოტა არის ხოლმე, მაგრამ ყოფილა წინა წლებში როდესაც 5; 7; 10 მილიონი ვერ მივიღეთ იმიტომ რომ გარკვეული რეფორმები ვერ გავატარეთ. ეს რა თქმა უნდა არაა კარგი, რადგან არამხოლოდ გრანტი დავკარგეთ, არამედ რეფორმაც ვერ მივიყვანეთ ბოლომდე",– განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
სალომე სამადაშვილმა დასვა დამაზუსტებელი შეკითხვა: „ანუ თქვენ ადასტურებთ, რომ მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვით იმიტომ, რომ იცოდით, ისედაც ვერ მიიღებდით ამ დახმარებას?“
კითხვას კაკაურიძემ შემდეგნაირად უპასუხა:
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შინაარსი არის ის, რომ რამდენიმე სესხზე უარი უნდა გვეთქვა და წელს უფრო ნაკლები სესხები აგვეღო, შესაბამისად, ვთქვით იმაზე უარი, რომელზეც რისკი იყო, რომ შეიძლება არ ჩამორიცხულიყო."
2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ “ვალის შემცირების” მოტივით “უარი თქვა” ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე პაკეტზე, რომლითაც ქვეყანას 75 მილიონი ევროს 15-წლიანი შეღავათიანი კრედიტი (0.12%-ის განაკვეთით) უნდა მიეღო. თუმცა ხსენებულ დახმარებას წინაპირობა ჰქონდა და მის მისაღებად საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმები უნდა გაეტარებინა, ამავე ვალდებულებას ითვალისწინებდა ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმებაც”, თუმცა „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებიდან გავიდა.