
სააკაშვილის მხარდამჭერებმა უკრაინაში საქართველოს საელჩოს პიკეტირება განახორციელეს
13/10/2021 11:18:09 პოლიტიკა
უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია იმართება.
30-მდე აქტივისტმა უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის ქართული ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით დიპწარმომადგენლობის შენობის პიკეტირება განახორციელა.
«Интерфакс-Украина»-ს ცნობით, აქციის მონაწილეებს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და უკრაინული "ახალ ძალთა მოძრაობის" დროშები უკავიათ.
პერიოდულად ისმის სკანდირება "თავისუფლება მიშას!", "თავისუფლება სააკაშვილს!".
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების დღიდან შიმშილობს. ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იუწყებიან.