
პროკურორი "კარტოგრაფების საქმეზე" სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს
13/10/2021 11:12:51 სამართალი
მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, "კარტოგრაფების საქმეზე" გამოიკითხოს.
საქმის არსებითი განხილვა ხელახლა დღეს დაიწყო. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსამართლის შეცვლა სახელდება, მოსამართლის ცვლილება კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის თავიდან დაწყების საფუძველია.
"მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს პროკურორი მიხეილ სადრაძე.
2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევა სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის მიერ.
კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.