"ევროპელი სოციალისტები" საქართველოს იმ პლატფორმაში გაწევრიანებას მოითხოვენ, სადაც რუსეთს დომინანტი პოზიცია უჭირავს

13-10-2021 18:13:26 პოლიტიკა

პოლიტიკური პარტია "ევროპელი სოციალისტების" წევრებს მიაჩნიათ, რომ 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

ამასთან, „ევროპელი სოციალისტების“ განცხადებით, „აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობა უნდა იყოს ერთი უცილობელი დათქმით, რომ რეგიონის სახელმწიფოები უპირობოდ ცნობენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას და სახელმწიფოს სუვერენიტეტს“.

პარტია მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენ არ შეგვიძლია შევიცვალოთ რეგიონი, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ვერც მეზობლებს ავირჩევთ. ჩვენ ვცხოვრობდით და ვიცხოვრებთ მეზობლების გვერდით. ამ მოცემულობის შეცვლა მხოლოდ ვირტუალურად, ციფრულად არის შესაძლებელი. გონება, იმისათვის გვაქვს, რომ ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე, გავატაროთ პრაგმატული, რეალისტური და კეთილმეზობლური პოლიტიკა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დაცულობას, უსაფრთხოებას, მოქალაქეების კეთილდღეობას და იმის წინაპირობა იქნება, რომ ჩვენი მეზობლებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ და ორიენტირებულები იქნებიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე“.

ამასთან, "ევროპელი სოციალისტები" წერენ, რომ მსგავსი წინადადება 2 ათეული წლის განმავლობაში უპრეცედენტოა და იგი ყველა მონაწილემ შეიძლება თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

"მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ მთავრობამ ქვეყნის გადარჩენისთვის პრაგმატულად იმოქმედოს. თუ ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მსგავსი მომენტი შეიძლება მეტი აღარ დადგეს და ქვეყანა ყველაფრისგან მიღმა აღმოჩნდეს. ეს კი სახელმწიფოსთვის საბოლოო დაღუპვა იქნება". - ნათქვამია განცხადებაში.

მათი შეფასებით, ის, ვინც ხელისუფლებას ფორმატში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, "ქვეყანას ანგრევს".

"ეს ძალები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ, 2003 წლიდან დემოკრატიის დროშის საფარქვეშ ყიდიან და ანგრევენ ქვეყანას, რომლის მწვერვალიც 2008 წელს გაჩაღებული ომი იყო. 2012 წლიდან ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ოცნებობენ და ამ უტოპიური იდეის განსახორციელებლად, მზად არიან გაიმეორონ 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი, ყველაფერზე მიდიან, დაწყებული დივერსიიდან, დამთავრებული კაცის კვლით. აღნიშნული კარგად ჩანს მიმდინარე წლის მოვლენებითაც. ამ პოლიტიკური ჯგუფების ქმედებები დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციურია და არ ჯდება, პოლიტიკური პარტიების მოქმედების არანაირ ჩარჩოში. შესაბამისად, მთავრობამ, უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, უნდა გაატაროს ყველა ზომა, რომ არ განმეორდეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების სცენარი. მათ არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ მთავრობაზე განახორციელონ მიზანმიმართული ზეწოლა, რათა მან ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად არ მიიღოს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილებები. ამ ჩიხში კი ქვეყანა სწორედ მათი ძალისხმევის შედეგად აღმოჩნდა". - აცხადებენ "ევროპელი სოციალისტები".

"ევროპელი სოციალისტების" ამჟამინდელი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიით, ადგილმონაცვლის პრინციპით, მას შემდეგ მოხვდნენ, რაც პარტიის ლიდერებმა დეპუტატის მანდატებზე უარი თქვეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები