"რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ხმაურიანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატი მუშაობს"

13-10-2021 19:34:33 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის წარმოებისთვის უდავოდ სასარგებლო პლატფორმაა.

მისი თქმით, "რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ხმაურიანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჟენევის ფორმატი მუშაობს".

„რაც შეეხება პროგრესს, უნდა ჩამოვყალიბდეთ, რას ვუწოდებთ პროგრესს და რას რეგრესს. მე ვთვლი, რომ შეხვედრას თავისთავად აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს უდავოდ სასარგებლო პლატფორმაა დიალოგის წარმოებისთვის იმ საკითხებზე, რაც რეგიონის უსაფრთხოებას უკავშირდება. ის, რომ რეგიონში 2008 წლიდან დღემდე გასროლა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ხმაურიანი მაინც, იმაზე მეტყველებს, რომ ეს პლატფორმა მუშაობს. რაც შეეხება რეგიონის სტაბილურობას, ის დამოკიდებულია დისკუსიების მონაწილე ყველა მხარის პროგნოზირებად ქცევასა და დამატებითი გამაღიზიანებლების არარსებობაზე. ასევე იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც მხარეებს შორის ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრას უკავშირდება. ჩვენ ვთვლით, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი ამის საშუალებას იძლევა ისევე, როგორც მუშაობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფში. თავად ის ფაქტი, რომ გახელაძე გათავისუფლდა, ესეც ამ ფორმატში ჩვენი დისკუსიების შედეგია. მე ვიცი ახლა თქვენი რამდენი მოქალაქე ზის ციხეებში, მათ შორის ბებუა გასამართლებულია კონკრეტული დანაშაულებებისთვის აფხაზური კანონმდებლობის შესაბამისად. ასე რომ, მოდით, შევქმნათ ნდობის ატმოსფერო, რომელშიც უფრო იოლი იქნება ასეთი საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა, "პირველი არხის" ცნობით, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების 54–ე რაუნდის შემდეგ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები