"დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი კვლავ ჩაიშალა"

13-10-2021 20:00:44 კონფლიქტები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა.

მისივე თქმით, ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება.

ამასთან, დარსალის განცხადებით, კვლავ იკვეთება ჰუმანიტარული საკითხების უსაფრთხოების საკითხებთან მიბმის მცდელობა

"რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ვვარაუდობდით, არის ხოლმე მცდელობა, ჰუმანიტარული საკითხები მიებას უსაფრთხოების საკითხებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება პირობადაც კი იქცეს, რომ მოხდეს გარკვეული დათმობები ფუნდამენტურ პოლიტიკურ თემებზე, რაც სამწუხარო რეალობაა. თუმცა, აქვე ხაზი უნდა გავუსვა, რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდომარეების პრინციპულმა, კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლოა, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობთ მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე“, აღნიშნა. "პირველი არხის ცნობით', დარსალიამ.

რაც შეეხება კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "ქართველები უნდა ჩამოყალიბდნენ, სად შეიძლება მათთვის სიარული და სად – არა", ლაშა დარსალიამ შემდეგი განაცხადა:

„ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“.

12-13 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი ჩატარდა. მოლაპარაკებები გაიმართა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის, ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს თანათავმჯდომარეობითა და აშშ-ის მონაწილეობით. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები