
კიევს თბილისისთვის სააკაშვილის გადაცემის შესახებ განაცხადით ჯერ არ მიუმართავს
14/10/2021 10:03:53 პოლიტიკა
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის მიხეილ სააკაშვილის გადაცემის შესახებ განაცხადით ჯერ არ მიუმართავს, - იუწყება გამოცემა «Украинские новости» გენპროკურორის ოფისიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხზე დაყრდნობით.
«გენერალური პროკურორის ოფისის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტს უკრაინის სასამართლომდელი გამოძიების ორგანოებისგან სააკაშვილის ექსტრადაციის შესახებ შუამდგომლობა ჯერ არ მიუღია, ამდენად, ჯერ არც საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის მიგვიმართავს», – ნათქვამია გენერალური პროკურატურიდან მიღებულ პასუხში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, ხსენებულ შუამდგომლობას ამზადებს გამომძიებელი ან პროკურორი, რომელიც სასამართლომდელი გამოძიების პერიოდში კანონის აღსრულებას აკონტროლებს. მსგავსი შუამდგომლობის კიდევ ერთ სუბიექტს შეიძლება, წარმოადგენდეს სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს, ან შესაბამისი განაჩენი აქვს გამოტანილი.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი საქართველოში თავისი კონსულისა და ადვოკატების მეშვეობით მუდმივ კონტაქტშია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან, რომ უკრაინული მხარე ამჟამად სააკაშვილის საქმის იურიდიულ მხარეებს სწავლობს და «ირჩევს საუკეთესო ალგორითმს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში იქნება გამოყენებული». კულებას განმარტებით, ეს შეიძლება, იყოს არა მარტო ექსტრადირების შესახებ განაცხადის წარდგენა.
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირების საკითხი არ განიხილება და მას პატიმრობის ვადის სამშობლოში მოხდა მოუწევს. ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ექსტრადირების შესახებ საუბრებს "იურიდიული ნონსენსი" უწოდა.
ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტს, უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გააჩნია. ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი დააპატიმრეს. თავად სააკაშვილი მის წინააღმდეგ საქმეების პოლიტიკურად მოტივირებულობაზე მიუთითებს და ციხეში შიმშილობას აგრძელებს.