„ახლა დაყოფის დრო არაა, კიდევ ერთი რევანში ქვეყანას დაანგრევს“ – სააკაშვილის მიმართვა ციხიდან

14-10-2021 18:53:39 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დიდი შერიგების“ ინიციატივით გამოდის.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართვა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას „მთავარი არხის“ გენდირექტორმა, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ წაუკითხა.

„ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას დიდი შერიგება სჭირდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, შევწყვიტო ერთმანეთის დამცირება, ერთმანეთის მიმართ ზიზღის ფრქვევა და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ ამ სულისკვეთებით იმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება ჩვენს საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას. წინ დიდი ცვლილებები გველის, მაგრამ ამისთვის ყველა წყენა უნდა დავივიწყოთ, რადგან ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე ჩვენი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რამე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა შუღლზე ვერ იქნება დაფუძნებული და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება“,– ამბობს სააკაშვილი.

მან საზოგადოებას 30 ოქტომბრის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა:

„გვეყოფა მარცხი, ძირს ნიჰილიზმი. 30–ში ყველანი არჩევნებზე. დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ!“.

ამასთან, სააკაშვილმა ქვეყანაში დაბრუნების მოტივებზე ისაუბრა და მოქმედი ხელისუფლება გააკრიტიკა:

„დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი, რომ ახლა თქვენს გვერდით ვიყო, ჩვენს ათასობით თანამემამულესთან, საიდანაც ერი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი ნატვრა და სურვილია, ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო, გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, სადაც ცხოვრება შესანიშნავი იქნება. რატომ ვარ დღეს საქართველოში? აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალია ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როდესაც ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ, როგორ მასობრივად გარბის ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ნიჭიერი, მშრომელი, წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი. ამას სიკვდილი მირჩევნია. ამიტომ აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ქართველი ხალხის ბრძოლაში სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის, ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად აღვუდგე წინ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს სამშობლოს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და საქართველო დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე დავაბრუნოთ, ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების, განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის „ოცნებამ“ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და გარეთ. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არაა, არც პარტიული და არც სხვა რაიმე ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა“.

რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

სააკაშვილი საპატიმროში მე–14 დღეა, შიმშილობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები