"გუშინ დაახლოებით, 18:30სთ–ზე დავრეკეთ პენიტენციურ სამსახურში, თუმცა გვითხრეს, რომ იყო სიმშვიდე"

15-10-2021 17:00:40 სამართალი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდეს.

"კითხვა მეც მაქვს, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა, არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გუშინვე, რომ იყვნენ ან დაზარალებულები, ან მით უმეტეს, გარდაცვლილები. მე ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ დაახლოებით, 18:30სთ–ზე გვქონდა ბოლო კომუნიკაცია პენიტენციურთან, ვამოწმებდით, მათ შორის ბუნტს. როგორც გვითხრეს, რომ იყო სიმშვიდე და არანაირი პრობლემა“, – აცხადებს ლომჯარია.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ჰკითხეს აპარატის წევრებმა კონკრეტულად გარდაცვლილების შესახებ, ლომჯარიამ შემდეგი განაცხადა:

"მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გვითხრეს, რომ იყო სიმშვიდე და ყველაფერი წესრიგში, ამიტომ არ გაგვჩენია კითხვა, რომ იქ იყო გარდაცვლილი ადამიანი“.

მისი თქმით, N17 დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 პატიმარი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა.

"რაც შეეხება დაშავებულებს, ვიცი, რომ 2 პატიმარზეა საუბარი. ერთი არის კვამლის შესუნთქვით გამოწვეული ინტოქსიკაცია, ხოლო მეორე პირს, როგორც ვიცი, თითი აქვს დაზიანებული და სამედიცინო დაწესებულებაში არიან",– განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი დაშავებული არის კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) თანამშრომელი.

ლომჯარია აცხადებს, რომ მსჯავრდებულების გარდაცვალების მიზეზად პატიმრები ძლიერ დაკვამლიანებას ასახელებენ.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პატიმრების თქმით, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის ბრიგადები ადგილზე ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით, 20 წუთში მივიდნენ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, ლომჯარიას განცხადებით, პატიმრები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ჭერში ელექტროსადენს გაუჩნდა:

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე როგორც მითხრეს, ეს არ გაჩენილა გაზქურიდან, სავარაუდოდ, ცეცხლი გაჩნდა ჭერში და შესაძლებელია, ეს ყოფილიყო დენის სადენებისგან".

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა. თუმცა უწყების განცხადებაში გარდაცვალების დროსა და სავარაუდო მიზეზებზე საუბარი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. ექს–პრეზიდენტი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები