
სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 8.8%–ით გაიზარდა
15/10/2021 13:29:41 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 209.7 მლნ აშშ დოლარი, ანუ 653.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 8.8%-ით, ანუ 17.0 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.
სებ-ის მონაცემებით, გზავნილების მოცულობით პირველი ხუთი ქვეყანაა:
- რუსეთის ფედერაცია – 38.57 მლნ აშშ დოლარი;
- იტალია – 34.07 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ – 24.51 მლნ აშშ დოლარი;
- საბერძნეთი – 19.99 მლნ აშშ დოლარი;
- ისრაელი –15.43 მლნ აშშ დოლარი;
ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.2 მლნ აშშ დოლარი, ანუ 91.0 მლნ ლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.6%-ით მეტია.