
"ოსტინის ვიზიტისას განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად"
18/10/2021 06:21:36 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თბილისში ვიზიტი არის მტკიცებულება იმისა, რომ აშშ–სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება.
„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის მტკიცებულება იმისა, რომ აშშ–სა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება – ეს ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ერთ–ერთი მტავარი საკითხია. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რა შეიძლება, გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: ოსტინი თბილისს დღეს ეწვია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანუშერ ბურჭულაძეს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. მოგვიანებით, იგი თავდაცვის ძალების ერთ-ერთ სამხედრო ბაზას ესტუმრება და ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით ერთობლივ სწავლებას დაესწრება.