ოსტინი: "საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია"

18-10-2021 15:00:46 პოლიტიკა ,თავდაცვა

საქართველო ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონია, აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო ჩვენს შესანიშნავ ურთიერთობებში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ოსტინის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი ემსახურება პარტნიორობის დარწმუნებასა და აღიარებას.

"ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საზიარო ღირებულებები, ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო, ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენს პარტნიორობას ვანიჭებთ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე ერაყსა და ავღანეთის ოპერაციებში საქართველოს წვლილზეც ისაუბრა:

„ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში, ჩვენთან ერთად. ვმსახურობდი ერაყსა და ავღანეთში. შემიძლია, უშუალო გამოცდილებით გითხრათ, რომ შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს. საქართველოს აქვს ნამდვილად ყველანაირი უფლება, იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომლებზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ სამომავლოდ პარტნიორობას. კვლავ მსურს, დავარწმუნო საქართველო და სამყარო შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები