
რუსეთი ნატო-სთან თანამშრომლობას ფაქტობრივად, სრულად წყვეტს
18/10/2021 12:21:14 მსოფლიო
ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთი ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის მუშაობას შეაჩერებს. ამის შესახებ დღეს რუსეთის მთავარმა დიპლომატმა სერგეი ლავროვმა განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა ალიანსის მიერ ნატო-ში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობის 8 თანამშრომლისთვის აკრედიტაციის შეჩერების საპასუხოდ მიიღო.
"ნატო-ს მხრიდან მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად პრაქტიკულად, აღარ გვაქვს სათანადო პირობები ელემენტარული დიპლომატიური საქმიანობისთვის. ამდენად, ნატო-ს ნაბიჯების საპასუხოდ ჩვენი წარმომადგენლობის, მათ შორის მთავარი სამხედრო წარმომადგენლის მუშაობას ვაჩერებთ", - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ ნატო-ს საერთაშორისო სამდივნოს უკვე ეცნობა.
მისივე თქმით, შეჩერდება ასევე მოსკოვში ნატო-სთან კავშირის სამხედრო მისიის საქმიანობა, მისი თანამშრომლების აკრედიტაცია კი 1 ნოემბრიდან იქნება გაწვეული.
ამასთანავე, მოქმედებას შეწყვეტს მოსკოვში ნატო-ს საინფორმაციო ბიურო, რომელიც ბელგიის საელჩოსთან მოქმედებდა. "თუ ნატო-ელებს რაიმე გადაუდებელი საქმეები გამოუჩნდებათ, შეეძლებათ, ბელგიაში ჩვენს ელჩს მიმართონ", - აღნიშნა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, "რუსეთი აღარ აპირებს, თავი იკატუნოს, თითქოს სამომავლოდ ნატო-სთან ურთიერთობაში რაიმე სასიკეთო ცვლილებების პერსპექტივები არსებობდეს".
"არავითარ თანასწორუფლებიან დიალოგში, არავითარ ერთობლივ მოქმედებაში ნატო დაინტერესებული არაა. ხოლო თუ ასეა, ვერ ვხედავთ აუცილებლობას, გავაგრძელოთ თავის კატუნი, თითქოს თვალსაწიერ მომავალში მასთან ურთიერთობებში რაიმე სახის პოზიტიური ძვრების პერსპექტივები არსებობს, რადგან ნატო-მ უკვე განაცხადა მსგავსი ცვლილებების შეუძლებლობის თაობაზე" - დასძინა ლავროვმა.