Accentnews.ge
რა კავშირი აქვს გარი კოკაიას საჩვენებელ სადამსჯელო აქციას მოსკოვთან, მიგრანიანის ზღაპრები და აფხაზეთი, როგორც «რუსეთის უკანა ეზო»

რა კავშირი აქვს გარი კოკაიას საჩვენებელ სადამსჯელო აქციას მოსკოვთან, მიგრანიანის ზღაპრები და აფხაზეთი, როგორც «რუსეთის უკანა ეზო»

18/10/2021 18:21:44 კონფლიქტები

შემოდგომა აფხაზეთისთვის დაძაბულობისა და დაპირისპირებების ტრადიციული თვეა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება ყოველ ჯერზე სწორედ ტურისტული სეზონის ამოწურვისთანავე მწვავდება. და 2021 წლის ოქტომბერი გამონაკლისად არ იქცა. ამჯერად ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაპირისპირება 30 სექტემბერს — გამარჯვების დღეს ომის ვეტერანების ცემის ფაქტს მოჰყვა. სოფელ აძიუბჟას მკვიდრი ვეტერანების გარდა, იმ დღეს ფიზიკურ ძალადობას მათი თანასოფლელი - აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატი გარი კოკაიაც დაექვემდებარა, რომელიც რესპუბლიკაში საკუთარი ანტირუსული პოზიციითაა ცნობილი. კერძოდ, ახალგაზრდა დეპუტატი არაერთგზის საჯაროდ გამოსულა აფხაზეთ-რუსეთის ეკონომიკური და სხვა კუთხით დაახლოების, მათ შორის რუსეთისთვის რესპუბიკის ენერგოსისტემის მიყიდვის წინააღმდეგ. კოკაიასა და ვეტერანების ცემაში კი აფხაზეთის შს მინისტრი დიმიტრი დბარია ბრალდებული თავისი მოადგილეებითა და სამინისტროს სხვა მრავალრიცხოვანი თანამშრომლებითურთ.

არაოფიციალური ინფორმაციით, კოკაიასა და დბარს (რომელიც, სხვათა შორის, ასევე ვეტერანის ვაჟია) წარსულშიც არაერთხელ ჰქონიათ კონფლიქტი დეპუტატის ანტირუსული განწყობების გამო. მეტიც, ამბობენ, დბარს არაერთხელ ურჩევია კოკაიასთვის პოლიტიკიდან წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სხვადასხვა სახის პრობლემების მოწყობით ემუქრებოდა. თუმცა დეპუტატი მინისტრის რჩევას იგნორირებას უწევდა. შედეგად 30 სექტემბერს მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც კოკაია და ვეტერანები უმოწყალოდ ცემის შემდეგ სოხუმის ცენტრში მდებარე მოედანზე კოკისპირული წვიმის ქვეშ მიატოვეს.

შემდგომ დღეებში ვეტერანების მიერ პარლამენტის შენობასთან გამართული რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ პრეზიდენტი ასლან ბჟანია იძულებული შეიქმნა, მოკვლევის დასრულებამდე მინისტრი დბარისა და მისი მოადგილეებისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინა. თუმცა ხალხისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა: კვლავინდებურად გაისმის დბარისა და მისი ჯგუფის დაკავება-გასამართლების მოთხოვნები.

მომხდარი თვითნებობის გამაოგნებელი მაგალითია. თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მწიფდებოდა და შს მინისტრს მკაფიო ინსტრუქციები ჰქონდა მიცემული გარი კოკაიას ყველა პოლიტიკური პროცესიდან ჩამოშორების შესახებ, რათა ის ნებისმიერ ფასად დაედუმებინათ. თავად დბარმა კი, როგორც ჩანს, ეს ინსტრუქციები მეტისმეტად ბუკვალურად გაიგო და შეეცადა, დეპუტატის ჯამნრთელობისთვის მიეყენებინა ზიანი მისთვის ყველაზე უკეთ ცნობილი ხერხით - მუშტებით.

«ნებისმიერ მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანს ესმის, რომ ეს სიტუაცია მყისიერად არ წარმოქმნილა. ეს დაგეგმილი, საკუთრივ კოკაიას წინააღმდეგ მიმართული აქციაა, ვეტერანები კი მხოლოდ შემთხვევით აღმოჩნდნენ უდროო დროს უადგილო ადგილზე», - დარწმუნებულია ჩვენი თანამოსაუბრე ახრა. კითხვაზე, ვის სჭირდება ასე ძალიან კოკაიას ნეიტრალიზება, მას ცალსახა პასუხი აქვს - რუსეთს.

«მოუსმინეთ კოკაიას საჯარო გამოსვლებს, განსაკუთრებით - უკანასკნელს, რომელშიც ის ენერგეტიკის დარგზე საუბრობდა. იგი ღიად უწოდებდა რუსეთს ბანდიტურ სახელმწიფოს, რომელიც იღწვის აფხაზეთისთვის მთავარი სიმდიდრეების — მიწისა და ენერგეტიკის წასართმევად. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამგვარი გამოსვლების შემდეგ რუსეთი კოკაიას არ აპატიებდა და მას, როგორც ყოველთვის, ჩვენივე ხელით გაუსწორებდა ანგარიშს — შს მინისტრი ხომ ვინმე უცხო კი არა, აფხაზეთში საკმაოდ პატივცემული პერსონაა. და ვფიქრობ, სამომავლოდ ვითარება მხოლოდ დამძიმდება. რუსეთის წინააღმეგ ნათქვამი თითოეული სიტყვის გამო ფიზიკურად გაგვისწორდებიან, ციხეშიც ჩაგვსვამენ და შესაძლოა, მოგვკლან კიდეც», - ფიქრობს ახრა.

ექსპერტების შეფასებით, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების გაუარესება უკვე სრულიად ცხადი და რეალური რამაა. ამითვე აიხსნება, მათი აზრით, მედია-სივრცეში მოულოდნელად არსაიდან აღმოცენებული სხვადასხვა სპეციალისტების «დესანტი», რომელიც აფხაზეთის მძიმე აწმყოსა და რუსეთის გარეშე მის კიდევ უფრო «საშინელ» მომავალზე გვესაუბრება. ავიღოთ თუნდაც რუსეთში მოღვაწე სომეხი პოლიტოლოგისა და ისტორიკოსის, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორის, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის პირველი და მეორე მოწვევების წევრი ანდრანიკ მიგრანიანის ამასწინანდელი ვიზიტი, რომელიც აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული «სახელოვანი საერთაშორისო ექსპერტის მიერ ახალგაზრდობისთვის მასტერ-კლასების ჩასატარებლად».

მიგრანიანმა რუსეთის მეხოტბეებს იმედები არ გაუცრუა: მან კვლავაც უამბო აფხაზურ აუდიტორიას ზღაპარი აფხაზების მიმართ რუსების დიდი სიყვარულისა და რესპუბლიკის მომავლის გამო კრემლის ყოველდღიური მომეტებული გულისწუხილის თაობაზე. მიგრანიანის ყველა თეზისის გადმოცემას არ დავიწყებ, მოვიყვან მხოლოდ რამდენიმეს.

მაგალითად, მისი აზრით, რუსეთ-საქარველოს ურთიერთობების დარეგულირება თვალსაწიერ მომავალში შეუძლებელია. აცნობიერებდა რა, რას ელოდა მისგან აუდიტორია, მიგრანიანმა მიზეზები ასე განმარტა: «რუსეთისთვის შეურაცხმყოფელი იქნება აფხაზეთის აღიარებაზე უარის თქმა, - დიდი სახელმწიფოები ასე არ იქცევიან და გინდაც უახლოეს წლებში ურთიერთობები გაუმჯობესდეს, შესაძლებელია მონაწილეობა გარკვეულ საინტეგრაციო პროცესებში, მაგრამ აფხაზეთის საქართველოს ნაწილად ქცევა გამორიცხულიაო».

«ძალზე საეჭვო» უწოდა მიგრანიანმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობასაც. «2008 წელს საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში ეპატიჟებოდნენ. მაშინ მერკელმა და სარკოზიმ უთხრეს უმცროს ბუშს, რომ წინააღმდეგები იყვნენ, რადგან ეს რუსეთთან ხისტ კონფრონტაციას გამოიწვევდა», - აღნიშნა პოლიტოლოგმა, «დასტურად» კი დაამატა, რომ «საქართველო ფაქტობრივად, თავის სახელმწიფოებრიობას კარგავს».

და ეს მისი თეზისი ვერანაირ თანხვედრაში ვერ მოდის რუსი პოლიტოლოგების ადრინდელ მოსაზრებებთან იმის შესახებ, რომ საქართველოს მიერ საკუთარი სამხედრო პოტენციალის ზრდა და ჯარის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა პირდაპირ საფრთხეს ქმნის აფხაზეთისა და რუსეთისთვის. ასევე ვერ ებმის მიგრანიანის ხსენებული თეზისი აფხაზეთის საგარეო უწყების ქმედებებს: სოხუმი ხომ საქართველოში მორიგი საერთაშორისო წვრთნების ჩატარებისას, ყოველ ჯერზე აკეთებს განცხადებებს, რომლებშიც ამ სწავლებებს «საქართველოს სამხედრო ამბიციების წახალისებაზე მიმართულ საშიშ პროვოკაციებად» აფასებს. ბოლო ასეთი ნოტა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სულ ახალახანს, ოქტომბრის დასაწყისში გაავრცელა.

«Эхо Москвы»-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზეთის რუსეთთან შესაძლო მიერთებასა და იმაზე საუბრისას, რამდენად სჭირდება მსგავსი ინტეგრაცია თავად რუსეთს, იმავე ანდრანიკ მიგრანიანმა ბრძანა: «როგორც ხანდახან უხეშად, მაგრამ ძალიან ზუსტად აღნიშნავენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები და პარტნიორები, ეს რუსეთის უკანა ეზოა. ხოლო ყველაფერი, რაც თქვენს უკანა ეზოში ხდება, უნდა გაღელვებდეთო». დაზუსტებისთვის, "რუსეთის უკანა ეზოში" ბ-ნი პოლიტოლოგი აფხაზეთს მოიაზრებდა.

რა თქმა უნდა, პრესტიჟულია, როცა რესპუბლიკაში საერთაშორისო მასშტაბის ექსპერტები ჩამოდიან და აფხაზურ ახალგაზრდობას საკუთარ აზრსა და გამოცდილებას უზიარებენ. მაგრამ ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს. და სანამ ქვეყანაში იმ სპეციალისტებს მოვიწვევდეთ, რომელთათვისაც აფხაზი ხალხი მხოლოდ ბერკეტია მიზნის მისაღწევად, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ღირს კი შედეგი ძალისხმევად. ჩვენთვის მთავარი მიზანი ის კი არაა, რომ სამშობლო რუსეთის უკანა ეზოდ ვაქციოთ, არამედ აფხაზეთის ნამდვილ სახელმწიფოდ ქცევა — სახელმწიფოდ, რომელიც დამოუკიდებელი იქნება რუსეთისგან და ამ გაუთავებელი მიგრანიანებისგანაც!

კრისტინა ავიძბა

_________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

__________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S