
ლატვია ახალი ეპიდაფეთქების გამო მკაცრ შეზღუდვებს უბრუნდება
19/10/2021 06:24:53 ევროპა
ლატვიის მთავრობამ კორონავირუსის ეპიდემიის შესაჩერებლად მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება გადაწყვიტა. 21 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე დაიკეტება სკოლები, მაღაზიები, კაფეები, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები. იმუშავებენ მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველაზე საჭირო სამსახურები. საღამოს რვიდან დილის ხუთ საათამდე იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.
ევროკავშირის ქვეყნებში ლატვია რუმინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობით. ეპიდსიტუაციის მკვეთრად გაუარესება სექტემბრის ბოლოდან დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა, ლატვიაში ყოველდღიურად აღიციხება 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა. წინა კვირასთან შედარებით მატება 49%-ია. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსაც.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარინშის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა კი ვაქცინაციაა. ლატვიის პრემიერმა ეპიდსიტუაციის გაუარესება ვაქცინაციის დაბალ ტემპსაც დაუკავშირა.
ლატვიაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით ორი მილიონია, აცრა გაკეთებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის 54%-ს.
პანდემიის დაწყებიდან ლატვიაში კორონავირუსით დაინფიცირდა 186 000-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა 2900-ს უახლოვდება.