"სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, 2000 ლარს “სოლიდარობის ფონდს” გადავურიცხავ"
19/10/2021 12:35:16 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მზად არის, სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2 000 ლარის ოდენობით “სოლიდარობის ფონდს” გადაურიცხოს.
"მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა. თუმცა, მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2 000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო“, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელში.
სასამართლომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 2 ოქტომბერს აგიტაციის წესების დარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით გათვალისწინებული ჯარიმა არ დააკისრა და სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.


