სააკაშვილი: „მხარს ვუჭერ თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას“
20/10/2021 19:14:30 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის მიერ მრავალპარტიული „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისში კოალიციურ მმართველობას მხარს უჭერს.
პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართვა მის „ფეისბუქ“–გვერდზე გავრცელდა.
„მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს ოცნების რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით.
ამისათვის უმნიშვნელოვანესია ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც და არჩევნებში დავამარცხოთ ქართული ოცნების რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი. მივესალმები ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას. მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის.
ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ",- წერს სააკაშვილი.


