
ევროსასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სარჩელები წარმოებაში არ მიიღო
21/10/2021 10:53:51 კონფლიქტები, სამართალი
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სარჩელები წარმოებაში არ მიიღო.
საუბარია ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების განცხადებებზე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველი სამხედროების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, მათ მიერ 8 და 9 აგვისტოს ცხინვალსა და მის შემოგარენში "მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე".
როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამ რაიონებზე კონტროლი განეხორციელებინა და შეუძლებელია იქ განვითარებული მოვლენების განხილვა საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულად მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ «ტერიტორია, რომელზეც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, ფორმალურად ქართულია».
****
მიმდინარე წლის თებერვალში ევროსასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში რუსეთის ქმედებების მიმართ საქართველოს საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განასაჯაროვა. ვერდიქტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. დარღვეულია, კერძოდ, 2, 3, 5 და 8 მუხლები (სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემის უფლება).
ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დარღვევები ვრცელდბა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე, ხოლო საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის პერიოდში (8-12 აგვისტო) განვითარებული მოვლენები არ ხვდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ევროკონვენციის 1 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ნაწილში (მუხლი კონვენციის ყველა ხელმომწერს ადამიანის უფლებების დაცვას ავალდებულებს).
ამავდროულად, ევრომოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვეოდა უკვე 2008 წლის 10 აგვისტოდან, როცა მათ ოსი სეპარატისტები აკავებდნენ და ადამიანის უფლებათა დამრღვევ პირობებში ამყოფებდნენ და რომ ეს ქმედედები რუსეთის იურისდიქციაში ხვდება.
კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია, იგი მოგვიანებით იქნება მიღებული.
ქართული მხარე ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იმის აღიარებად აფასებს, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნოწმენდა განახორციელა.
თავის მხრივ, რუსეთში ევროსასამართლოს რიგ დასკვნებს არ ეთანხმებიან და ავრცელებენ დეზინფორმაციებს, თითქოს სასამართლომ რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებები "დაუსაბუთებლად სცნო" და "წარმოებაში არ მიიღო".