
თეოლოგი: მსოფლიო პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობასა და წარმატებებს უსურვებს
21/10/2021 12:33:19 პოლიტიკა
თეოლოგი გოჩა ბარნოვი სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს შეხვდა. როგორც ბარნოვი აცხადებს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ციხეში მყოფ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, ჯანმრთელობა და წარმატებები უსურვა.
«მისი უწმინდესობა საქმის კურსში აღმოჩნდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თაობაზე, რადგან აქტიურად ადევნებს თვალს ყველა პროცესს ჩვენს ქვეყანაში - როგორც პოლიტიკურს, ისე საეკლესიოს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მსოფლიო პატრიარქმა იცის, რა ხდება საქართველოში. ადამიანური თვალსაზრისით, მან მხარდაჭერა გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს, უსურვა ჯანმრთელობა და წარმატებები. ეს განგვიცხადა, მაგრამ ვიმეორებ - წმინდა ადამიანური თვალსაზრისით», – აცხადებს ბარნოვი.
მისივე ინფორმაციით, მსოფიო პატრიარქი დაინტერესდა ასევე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით უკრანული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხში.
ცნობისთვის: ორიოდ დღის წინ საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თავის ფესბუქ-გვერდზე გოჩა ბარნოვი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის შუღლის ჩამოგდების მცელობაში დაადანაშაულა.