Accentnews.ge
ბიბილოვი - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: «ვერ ვიტყვი, რომ სხვა რამეს ველოდით»

ბიბილოვი - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: «ვერ ვიტყვი, რომ სხვა რამეს ველოდით»

22/10/2021 11:55:32 კონფლიქტები

"სამხრეთ ოსეთი კვლავაც გამოიყენებს ნებისმიერ შესაძლებლობას საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად და საერთაშორისო თანამეგობრობამდე 2008 წლის მოვლენების შესახებ სიმართლის მისაწვდენად", – ასე გამოეხმაურა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ, 21 ოქტომბერს განსაჯაროვდა.

ბიბილოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთა მიერ ევროსასამართლოსთვის წარდგენილ თითოეულ სარჩელში გადმოცემულია ტრაგედია, დანაკარგით გამოწვეული ტკივილი და ტანჯვა, სასამართლომ კი ისინი უკუაგდო "უცნაური, სრულიად გაუგებარი არგუმენტების" მოტივით».

«ვერ ვიტყვი, რომ სხვა რამეს ველოდით. მათი ლოგიკით, თუ საქართველო სამხრეთ ოსეთზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა, არც უნდა აგოს პასუხი ასობით მოკლული და ათასობით დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლის გამო? მაგრამ ეს ხალხი ხომ ქართული არმიის სამხედროებმა მოკლეს და დაჭრეს - იმ არმიის, რომელიც სამხრეთ ოსეთისკენ სწორედ საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოგზავნა! ამასთან, ქართული ჯარი ცხინვალის საცხოვრებელი რაიონების მიმართ განურჩევლად იყენებდა არტილერიას, პირდაპირი დამიზნებით ცხრილავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სახლებს, მანქანებს, რომლითაც ხალხი ამ საშინელებიდან გაღწევას ცდილობდა. და მაინც, ევროპელმა მოსამართლებმა გადაწყვიტეს, რომ ეს საქართველოს იურისდიქციას არ ექვემდებარება... სამხრეთ ოსეთის საკითხზე კოლექტიური დასავლეთის პოზიციიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ხელის დაფარება საქართველოსა და იმ მისი პარტნიორებისთვის, რომლებმაც თბილისს შეიარაღებული აგრესიის განსახორციელებლად კურთხევა მისცეს, მომავალშიც გარძელდება» - განაცხადა ბიბილოვმა.

*******

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა სარჩელები წარმოებაში არ მიიღო.

საუბარია ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლების განცხადებებზე 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქართველი სამხედროების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, მათ მიერ 8 და 9 აგვისტოს ცხინვალსა და მის შემოგარენში "მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე".

როგორც სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამ რაიონებზე კონტროლი განეხორციელებინა და შეუძლებელია იქ განვითარებული მოვლენების განხილვა საქართველოს იურისდიქციას დაქვემდებარებულად მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ «ტერიტორია, რომელზეც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა, ფორმალურად ქართულია».

****

მიმდინარე წლის თებერვალში ევროსასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში რუსეთის ქმედებების მიმართ საქართველოს საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება განასაჯაროვა. ვერდიქტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. დარღვეულია, კერძოდ, 2, 3, 5 და 8 მუხლები (სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების მიმართ პატივისცემის უფლება).

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ეს დარღვევები ვრცელდბა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ პერიოდზე, ხოლო საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზის პერიოდში (8-12 აგვისტო) განვითარებული მოვლენები არ ხვდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში ევროკონვენციის 1 მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვის ნაწილში (მუხლი კონვენციის ყველა ხელმომწერს ადამიანის უფლებების დაცვას ავალდებულებს).

ამავდროულად, ევრომოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები ირღვეოდა უკვე 2008 წლის 10 აგვისტოდან, როცა მათ ოსი სეპარატისტები აკავებდნენ და ადამიანის უფლებათა დამრღვევ პირობებში ამყოფებდნენ და რომ ეს ქმედედები რუსეთის იურისდიქციაში ხვდება.

კომპენსაციების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია, იგი მოგვიანებით იქნება მიღებული.

ქართული მხარე ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იმის აღიარებად აფასებს, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ქართველების ეთნოწმენდა განახორციელა.

თავის მხრივ, რუსეთში ევროსასამართლოს რიგ დასკვნებს არ ეთანხმებიან და ავრცელებენ დეზინფორმაციებს, თითქოს სასამართლომ რუსეთის მიმართ საქართველოს ბრალდებები "დაუსაბუთებლად სცნო" და "წარმოებაში არ მიიღო".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S