
ვინ რას ელის „3+3“ -ისგან და რას გულისხმობს მასში საქართველოს მონაწილეობა
25/10/2021 12:59:56 ანალიზი
“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” რეგიონში დაანონსებულ ფორმატებთან დაკაშირებით გიგი გიგიაძის, შოთა ღვინერიასა და ზაზა შენგელიას ანალიზს აქვეყნებს, რომელშიც რეგიონის აქტორების ინტერესები და შესაძლო შედეგები, მათ შორის საქართველოს კონტექსტშია გაანალიზებული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში განსაკუთრებული ვნებათაღელვა რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატის ე.წ. „3+3“ ინიციატივის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ორაზროვან პასუხს მოჰყვა.
როგორც პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, „ზალკალიანის ბუნდოვანი ფორმულირება შესაძლოა, სხვა ვითარებაში ასეთი მძაფრი რეაქციის გამომწვევი არ ყოფილიყო, თუმცა დასავლეთისგან დისტანცირების ისეთი მტკივნეული ეპიზოდების ფონზე, როგორიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება და მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ შემუშავებული 6 პუნქტიანი გეგმის ცალმხრივად დატოვება იყო, მინისტრის პასუხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა“:
„რეგიონში დასავლეთის გავლენის შემცირების და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალის გაძლიერების გამომწვევ ინიციატივაზე პოზიციის “შერბილება“ ასევე დაემთხვა ევროკავშირის შემოთავაზებულ, დემოკრატიის სტანდარტის გაუმჯობესებაზე დამოკიდებულ მაკროეკონომიკურ დახმარებაზე უარის თქმას და მისი „აზიის განვითარების ბანკიდან“ აღებული სესხით ჩანაცვლებას, რომელიც ასეთ წინაპირობას არ ითვალისწინებდა“.
3+3 - მოკლე ისტორია
ავტორები იხსენებენ, რომ გასული 30 წლის განმავლობაში „3+3“ –ის (რომელზე საუბარიც ერთი წლის წინ, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყო) მსგავსი შინაარსის ინიციატივა (სხვადასხვა კონფიგურაციის მქონე) რამდენჯერმე გაჟღერდა, თუმცა მათი განხორციელების საქმე პოლიტიკურ განცხადებების ეტაპს არცერთ შემთხვევაში არ გასცდენია.
როდესაც 2020 წლის 11 დეკემბერს ბაქოში, ყარაბაღში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე დასასწრებად ჩასულმა ერდოღანმა მედიას ექვსი ქვეყნის თანამშრომლობის პლატფორმის თაობაზე იდეა წარუდგინა, იქვე აღნიშნა, რომ ინიციატივა უკვე გააცნო მოსკოვს და ვლადიმირ პუტინისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. ინიციატივისადმი ინტერესი მალევე დაადასტურა ირანმაც და ყველა მხარეს ინიციატივისადმი კეთილგანწყობილი პოზიციის დაჭერისკენ მოუწოდა.
ამასთან, თუ წარსულში ერთ–ერთ მსგავს ინიციატივას თუ ნეგატიურად შეხვდა აზერბაიჯანი ყარაბაღის მოუგვარებელი პრობლემის ფონზე, ამჯერად ერდოღანის ინიციატივამ ბაქოში გაცილებით მეტი კეთილგანწყობა მოიპოვა.
„ყარაბაღში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, ბუნებრივია, აზერბაიჯანი მოხარულია, ისაუბროს რეგიონში ინფრასტრუქტურული და სატრანზიტო პროექტების განვითარების შესახებ. მით უმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სამშვიდობო შეთანხმებაში სომხეთს ვალდებულება აქვს აღებული საკუთარი ტერიტორიის გავლით (ზანგეზური) უზრუნველყოს აზერბაიჯანის კავშირი ნახიჭევანთან“,– აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები.
რაც შეეხება საქართველოს, 2021 წლის მარტში ანკარას ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი თემა „3+3“ პლატფორმა იყო. მინისტრმა ზალკალიანმა ინიციატივის მიმართ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაციისა და სუვერენიტეტის ხელყოფის გათვალისწინებით, საქართველოს „მკაფიო“ პოზიცია ჰქონდა იმ ფორმატებში მონაწილეობის მიმართ, რომლებშიც რუსეთი მოიაზრებოდა.
„საქართველო ინიციატივის განხილვაზე ფაქტიურად უარს აცხადებდა. თვალშისაცემია კონტრასტი იმ კომენტართან, რომელიც მინისტრმა იმავე ინიციატივაზე რამდენიმე თვის შემდეგ, უკვე ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა“,– ნათქვამია პუბლიკაციაში და ზალკალიანის განცხადების შინაარსთან ერთად ყურადღება თარიღზეც მახვილდება.
„რთული დასაშვებია, მძაფრად პოლარიზებულ, უამრავი დარღვევით გამორჩეული არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის საზოგადოებისთვის ქვეყნის ახალ გეოპოლიტიკურ ფორმატებში მონაწილეობის იდეის წარდგენა ხელსაყრელ დროდ იყოს მიჩნეული. თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ნიშანდობლივი ალბათ საერთაშორისო დინამიკაა. ზალკალიანის კომენტარი, რომელიც 7 ოქტომბრით თარიღდება, მოსდევს „3+3“ ფორმატზე მოსკოვში ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და ჰოსეინ ამირ აბდოლახიანის შეხვედრას 6 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დასაწყისში მხარეებს შორის პირველადი კონსულტაციების შემდეგ, „3+3“-ის განხილვა, მისი წინამორბედი ინიციატივების მსგავსად, იშვიათი პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლებოდა. რეგიონული თანამშრომლობის ასეთ პლატფორმაზე საუბარი კიდევ უფრო რთული წარმოსადგენი გახდა აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობების ბოლოდროინდელი გართულების შემდეგ. თავის მხრივ, ანკარაში დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუთვლია საჭიროდ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განმეორებით დაეფიქსირებინა პოზიცია. თითქმის ერთწლიანი სიჩუმის შემდეგ, ირანისა და რუსეთის საგარეო მინისტრთა მიერ ამ საკითხის წამოწევის მეორე დღეს, ამ თემის განხილვის საზოგადოებისთვის შეთავაზება და „შერბილებული“ პოზიციით წარდგომა, მართლაც დამაფიქრებელი დინამიკაა. ნიშანდობლივია ის მყისიერი რეაქციაც, რომელიც მინისტრ ზალკალიანის განცხადებას რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებებიდან მოჰყვა“,– მიუთითებენ ავტორები.
ვის რა ინტერესი და მოლოდინი აქვს?
პუბლიკაციის თანახმად, „3+3“ რეგიონალური თანამშრომლობის განახლებული ფორმატის შემოთავაზებით, რუსეთი და თურქეთი ერთი მხრივ, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან დასავლეთის მაქსიმალური იზოლაციას ისახავენ მიზნად, ხოლო მეორე მხრივ, სურვილი აქვთ, მოახდინონ იმ ე.წ. „ახალი რეალობის“ კონსოლიდაცია/ დაფიქსირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და 2020 წელს ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ კარდინალურად შეცვლილი ძალთა ბალანსის შედეგად ჩამოყალიბდა და განისაზღვრა. ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ირანი განსაკუთრებით დაინტერესებულია რეგიონში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გახსნით და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველყოფით, რაც ირანის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის აზრით, „საუკეთესო საშუალება იქნება ქვეყნებს შორის ტრანზიტის სფეროში თანამშრომლობისა და როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის, ისე ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების გააქტიურებისთვის“.
ამასთან, ავტორები მიუთითებენ გარკვეული უპირატესობებზე, რომლებიც ირანს ამ ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში რუსეთსა და თურქეთთან მიმართებაში გააჩნია:
"ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს შენარჩუნებული სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასთან. სომხეთსა და თურქეთს შორის ასეთი ურთიერთობა 1993 წლის, რუსეთსა და საქართველოს შორის კი 2008 წლის შემდეგაა გაწყვეტილი. „3+3“ ფორმატის განხორციელების შემთხვევაში ირანი შუამავლის როლს დაიმკვიდრებს, თეირანი კი მონაწილე ქვეყნების წარმომადგენელთა შორის მაღალი დონის შეხვედრის გამართვის ბუნებრივ არჩევანად იქცევა.
გარდა ამისა, ირანი ახალ პლატფორმაში შემავალი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ერთდროულად ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთს და ნახიჭევანის ექსკლავს. ათწლეულების განმავლობაში ნახიჭევანის დანარჩენ აზერბაიჯანთან დაკავშირების ერთადერთი პირდაპირი საშუალება ირანის ტერიტორიის გამოყენება იყო. მეზობელ ქვეყანაზე ზემოქმედების ასეთი მძლავრი ბერკეტის დათმობა თეირანისთვის მძიმე დანაკარგი იქნება, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო დერეფნების შესაძლო გახსნით (რაც, ამავე დროს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სატრანსპორტო კავშირის აღდგენის ტოლფასი იქნება) მიღებული ზიანის კომპენსირების ერთ-ერთი გზა ახალ პლატფორმაში მონაწილეობა და ახალი შესაძლებლობებით სარგებლობა იქნება“.
რაც შეეხება ნატო–ს წევრ თურქეთს, პუბლიკაციის ავტორების დაკვირვებით, მისთვის ეს პლატფორმა უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური მნიშვნელობისაა:
„ანკარასა და დასავლეთის წამყვან ქვეყნებს შორის მუდმივი დაძაბულობის ფონზე ეს ინიციატივა თურქეთისთვის უფრო ტაქტიკური და რეგიონის მასშტაბით პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის ფუნქციას ატარებს. რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებით საკუთარი როლის გაზრდა თურქეთისთვის არა დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ალტერნატივა, არამედ ამ პარტნიორობის ფარგლებში პოზიციების განმტკიცებაა. ხოლო აზერბაჯანისთვის ისეთი რეგიონალური ფორმატის არსებობა, სადაც მისი უპირობო მოკავშირე და უსაფრთხოების ძლიერი გარანტი თურქეთი იქნება, განგრძობითად უზრუნველყოფს ბაქოს სამხედრო მონაპოვარის შენარჩუნებას და მმართველი პოლიტიკური კლასის სტაბილურობას.
კავკასიის კიდევ ერთი ქვეყანის სომხეთის ხელისუფლება კი ეჭვის თვალით უყურებს შემოთავაზებულ ახალი თანამშრომლობის ინიციატივას და მასთან დაკავშირებით „მკაფიო პოზიციის“ დასაფიქსირებლად, უპირველეს ყოვლისა, დეტალებში გარკვევას ითხოვს:
„აქვე გასათვალისწინებელია, რომ ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას თურქეთი, რომელიც აქამდე ეკონომიკური მოთამაშის როლს თამაშობდა, რეგიონში სამხედრო ძალით შემოვიდა. შესაბამისად, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოება, რაც არ უნდა იმედგაცრუებული იყოს რუსეთის ქმედებებით, სრულად დამოკიდებულია რუსეთის კეთილ ნებაზე.
რუსეთმა უკვე დაიწყო მუშაობა სომხეთთან ამ მიმართულებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სომხეთის ფრთხილი წინააღმდეგობის გადალახვა ადვილად იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომავალ, სავარაუდო რეგიონალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში სომხეთს მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების პირობა ექნება. რუსეთის ინტერესშია, ერთი მხრივ, სომხეთის მოსახლეობასა და პოლიტიკურ ელიტებში დაკარგული ნდობის აღდგენა და მეორე მხრივ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის დაკნინება. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენება უკვე მრავალი წელია წარმატებით ხორციელდება და ამის ჩანაცვლება ცალმხრივ რეჟიმში რუსეთისთვისაც კი ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. თუმცა ვიწრო რეგიონალურ კონტექსტში აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიმოსვლისთვის „ზანგეზურის კორიდორის“ გამოყენება 3+3 ინიციატივის პროექტებისთვისაც ხელსაყრელი შეიძლება იყოს. აქვე საგულისხმოა, რომ სომხეთში სერიოზული წინააღმდეგობაა სომხეთის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიების დაკავშირების საკითხზე. გარდა საზოგადოებრივი აზრისა, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია სომხეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი ასეთი „კორიდორის“ არსებობისა, ერთმანეთს არ ემთხვევა ერევნისა და ბაქოს 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მე-9 მუხლის ინტერპრეტაციებიც: აზერბაიჯანული მხარე მიიჩნევს, რომ დოკუმენტი მათ ნახიჭევანის ექსკლავთან სომხეთის სამხრეთი პროვინციის, სიუნიკის გავლით, პირდაპირი სახმელეთო კავშირის, ე.წ. „ზანგეზურის კორიდორის“ დამყარების უფლებას აძლევს. სომხური მხარე თვლის, რომ დოკუმენტში ნახსენები ტერმინი „კორიდორი“ მხოლოდ ლაჩინის რეგიონს ეხება. ამ საკითხზე შეთანხმების გარეშე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნებისმიერ სხვა რეგიონულ სატრანსპორტო თუ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ერთობლივი მუშაობა რთული წარმოსადგენია“,– აღნიშნავენ კვლევის ავტორები და დასძენენ, „იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ქვეყნები, ამავე დროს, რეგიონში ერთმანეთის ისტორიულ და ბუნებრივ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ, მათი მონაწილეობით ნებისმიერი „თანამშრომლობის ფორმატი“ დროში შეზღუდული არსებობისთვის არის განწირული“.
დამატებითი რისკ-ფაქტორი საქართველოსთვის: 3+3-დან 3+3+2-ისკენ?
ავტორები მიუთითებენ, რომ ერთ-ერთი მუდმივი ფაქტორი, რომელსაც მოსკოვი ამ ფორმატზე საუბრისას უსვამს ხაზს, რუსეთის, როგორც რეგიონული კონფლიქტების მთავარი გამრიგესა და მედიატორის ფუნქციაა. ამ კონტექსტში კვლევაში ნახსენებია ლავროვის მიერ თავის ირანელ კოლეგასთან განხილვის დროს ამ საკთხის ცალკე გამყოფა, როდესაც მან აუდიტორიას შეახსენა, რომ სწორედ რუსეთმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. და როგორც პუბლიკაციაშია ხაზგასმული, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უმაგრებს ზურგს ლავროვის ამ განცხადებას აღნიშნული კონფლიქტის დაწყებისა თუ დასრულების ფაქტობრივი გარემოებები, ეს განცხადება კიდევ ერთხელ მოწმობს, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი ამ ფუნქციის შენარჩუნებას რეგიონში, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი “ექსკლუზიური გავლენის“ არეალში იზრდება ისეთი მძლავრი მოთამაშის აქტიურობა, როგორიც თურქეთია.
რაც შეეხება საქართველოს, ავტორების დასკვნით, ამ ფორმატში მონაწილეობა იქნება პირდაპირი აღიარება რუსეთის ხსენებული პოზიციისა არა მარტო მთიანი ყარაბაღთან მიმართებაში, არამედ ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში.
„მართლაც რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ასეთ ფორმატში მონაწილეობას განიხილავდეს ქვეყანა, რომლის ტერიტორია იმ ქვეყნის მიერვეა არის ოკუპირებული, რომელიც მას კონფლიქტების მოგვარებაში მისი გადამწყვეტი როლის აღიარებას მოითხოვს კომპრომისის გარეშე. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი აღიარების მიმართ პოლიტიკის ცვლილების ილუზია არავის აქვს. შესაბამისად, აღნიშნულ ფორმატში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მონაწილეობის ლობირება მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი. ამ ვარაუდს ამყარებს ლავროვის განცხადება, რომლის მიხედვით „3+3“-ის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება „რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვაა“. რუსეთისთვის და სომხეთისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების მნიშვნელობის გათვალისწინებით (ერევანმა და მოსკოვმა ამ საკითხზე საუბარი 2020 წლის ბოლოს ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განაახლეს), საქართველოს ახალ ფორმატში მონაწილეობის ერთ-ერთი ფაქტობრივი შედეგი თბილისის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედების საკითხის დასმა იქნება.
აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით 3+3 ინიციატივა რუსეთისთვის რეალურად 3+3+2 ფორმატს წარმოადგენს, სადაც ის საქართველოსთან ერთად საქართველოს მის მიერ ოკუპირებულ ნაწილს ცალკე ერთეულებად მოიაზრებს. შესაბამისად, საქართველოს მიერ ამ ინიციატივის განხილვაც კი ირიბად ნიშნავს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოცემულობაზე დათანხმებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას, ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფასთან შეგუებას“,– ნათქვამია პუბლიკაციაში.
მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის გიგი გიგიაძის, შოთა ღვინერიასა და ზაზა შენგელიას ხედვით:
- საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ახალ რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში, რომლის ინიციატორი, თანაავტორი, ერთ-ერთი რიგითი წევრი, ან თუნდაც მხარდამჭერი იქნება რუსეთის ფედერაცია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეჭვის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაში მკაფიოდ დაფიქსირებულ და ამავე დროს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეას და სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში.
- ამ პროცესში საქართველოს ჩართვა ნიშნავს საგარეო პოლიტიკის დე იურე ცვლილებას და აღიარებას, რომ საქართველო ვეღარ ასრულებს რეგიონში დასავლეთის ინტერესებისა და ღირებულებების დასაყრდენის ფუნქციას. იქმნება რეალობა, როცა თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის ხაზი ძლიერდება, ხოლო სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე კიდევ უფრო იზრდება. საქართველო კარგავს თავის მთავარ დანიშნულებას - დააბალანსოს ეს ორი ღერძი და ამავე დროს შეინარჩუნოს დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი, გაატაროს დასავლეთის ინტერესები და დაიცვას დასავლური ღირებულებები რეგიონში.
- მაშინ, როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი და უმთავრესი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და რაც შეიძლება სწრაფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის უზრუნველყოფაა, ნებისმიერი რეგიონალური, თუ საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც სრულ თანხვედრაში არ იქნება აღნიშნულ მიზნებთან განხილვის ეტაპზევე უნდა იქნას უარყოფილი საქართველოს მიერ.