პაპუაშვილი – აქციაში საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობაზე: “რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი გარემო გვაქვს”
26/10/2021 08:07:01 პოლიტიკა
"რა იძულებაზეა საუბარი 21-ე საუკუნეში, როდესაც თავისუფალი გარემო გვაქვს და რა იძულებაზეა საუბარი იმ პარტიის მხრიდან, რომელმაც 47% მიიღო სულ რამდენიმე კვირის წინ", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას მასწავლებლების და საჯარო სექტორში დასაქმებულების მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ აქციაში შესაძლო იძულებითი მონაწილეობის თაობაზე.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მმართველ ძალას საშუალოდ 1 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს, გასაკვირი არ არის, რომ მათგან რამდენიმე ათასი აქციაზე მივიდეს.
„ქართული ოცნება“ არის პარტია, რომელსაც ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობის მხარდამჭერი. ჩვენ, საშუალოდ, 1 მილიონი ადამიანი არჩევნებში გვაძლევს ხმას, ამიტომ, რა იძულებაზეა საუბარი, როდესაც 1 მილიონი ადამიანი ნებაყოფლობით გვაძლევს ხმას, აქედან თუ რამდენიმე ათეული ათასი მოვა მიტინგზე არ მგონია, რომ აქ რამე იყოს საკვირველი. ეს დაყოფა ზოგადად და სეგრეგაცია, თითქოს საჯარო სექტორის წარმომადგენელს არ აქვს უფლება საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები არასამუშაო დროს გამოხატოს, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს, რომ ისინი მხოლოდ თავისიანებს აღიქვამენ ადამიანებად და სხვები ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ აქცია კოვიდრეგულაციების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.


