
პესკოვი: "რუსეთი უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას ხელს ვერ შეუშლის"
26/10/2021 10:01:26 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, "ნატო-ს აგრესიული პოზიცია არასოდეს წარმოადგენდა კრემლისთვის საიდუმლოს და ვერავითარი მშვიდობიანი განცხადებები ვერ შენიღბავს ამ ბლოკის რეალურ დანიშნულებას, ამდენად, განსაკუთრებული არაფერი მოხდება, თუ რუსეთი ნატო-ს აგრესიულობის ზრდისა და მოსკოვის "შეკავების" მიზნის დეკლარირების ფონზე ალიანსთან ურთიერთობაზე უარს იტყვის".
ამასთან, როგორც პესკოვმა ტელეარხ "Россия-1"-ის ეთერში განაცხადა, "რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საკუთარი თავისთვის იმ შედეგების მინიმიზირებისათვის, რომელიც უკრაინის ნატო-სთან შესაძლო დაახლოებას შეიძლება, მოჰყვეს".
"ჩვენ ამ დაახლოებას ხელს ვერ შევუშლით და ეს შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ამ შესაძლო დაახლოების შედეგების მინიმიზირება რუსეთისთვის" - დასძინა მან.
ერთი კვირით ადრე პესკოვმა ფრანგული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას "ყველაზე უარესი სცენარი" და "წითელი ხაზების გადაკვეთა" უწოდა. "ამან შესაძლოა, აიძულოს რუსეთი, აქტიური ზომები მიიღოს საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად" - აღნშნა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, თუმცა ეს ზომები არ დაუკონკრეტებია.