ნაყოფია აცხადებს, რომ სააკაშვილს ციხეში ახალი შეზღუდვები დაუწესეს
26/10/2021 12:39:02 პოლიტიკა, სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ სატელეფონო ზარების აკრძალვის შემდეგ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კიდევ რამდენიმე შეზღუდვა დაუწესეს.
მისი თქმით, მნახველები ციხიდან მესამე პრეზიდენტის წერილის გამოტანას ვეღარ შეძლებენ. წერილის გავრცელებას ის სავარაუდოდ, მხოლოდ ფოსტით ან ადვოკატების მეშვეობით მოახერხებს.
"მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ვერსად ვერ ახორციელებს სატელეფონო ზარებს, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს,შეღებეს და ჩაკეტეს ისე, რომ გარედანაც კამერამ ვერ ნახოს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი. დღევანდელი ამბავი არის ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. პირდაპირ როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს მე პირადად, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა ალბათ რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი", - განაცხადა ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


