
რატომ გადაიფიქრა ერდოღანმა დასავლელი დიპლომატების გაძევება
26/10/2021 16:05:48 ანალიზი
გასული შაბათი–კვირა განსაკუთრებით დაძაბული აღმოჩნდა ამერიკელი და თურქი დიპლომატებისთვის, რაც თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებამ განაპირობა დასავლეთის ათი ქვეყნის (აშშ, კანადა, საფრანგეთი, ფინეთი, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია და შვედეთი) ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების თაობაზე. ამ დემრშს კი წინ უძღოდა დიპლომატების ერთობლივი განცხადება თურქი ბიზნესმენისა და ფილანტროპის - ოსმან კავალას პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.
მართალია, ორდღიანი სკანდალის შემდეგ ერდოღანმა გადაწყვეტილების აღსრულება გადაიფიქრა და განმარტა, „ელჩებმა უკან დაიხიესო“, თუმცა დასავლური პრესა საპირისპიროს ამტკიცებს. პროცესზე დამკვირვებლები კი მიიჩნევენ, რომ მართალია, ამჯერად დიპლომატიამ იმარჯვა და მხარეები დათმობაზე წავიდნენ, თუმცა ვინაიდან ფუნდამენტური პრობლემები, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით კვლავინდებურად ძალაში რჩება, ვითარების ამჟამინდელი განმუხტვა სტაბილურობის განცდის საფუძველს არ იძლევა.
2–დღიანი სკანდალი
„ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობების ქონა. როდესაც საუბარია 10 დიდი ქვეყნის, მთავარი მოთამაშეების ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს ძალიან დიდი მოვლენაა და შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მისდგომოდა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებს“,– ამბობს „აქცენტთან" საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი.
სწორედ ამიტომ იყო, მისი აზრით, რომ ერდოღანის განცხადების შემდეგ მთელი შაბათ–კვირის განმავლობაში ძალიან აქტიურად იმუშავეს თურქმა და ამერიკელმა დიპლომატებმა.
“როგორც ჩანს, დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე ორივე მხარე შეთანხმდა კომპრომისზე: აშშ–ის საელჩომ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა „პოსტი“, რომ „პატივს სცემს დიპლომატიური სამსახურის შესახებ ვენის კონვენციის 41–ე მუხლს“, რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს გულისხმობს, ერდოღანმა კი, თავის მხრივ, 10 ქვეყნის ელჩები აღარ გააძევა” – ვარაუდობს ბატიაშვილი.
და აქ, მისი აზრით, რამდენიმე ნიუანსია საყურადღებო, მაგალითად, ის, რომ აშშ–ის საელჩოს ხსენებული „ტვიტი“ გაიზიარეს სხვა შვიდი ქვეყნის საელჩოებმა, მაგრამ არა საფრანგეთისა და გერმანიის დიპწარმომადგენლობებმა:
«მხარეებს შორის განსხვავებული ხედვები კვლავ რჩება და სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს, ამიტომ მსგავსი ტიპის პრობლემების ორიოდ დღეში მოგვარების ილუზია არ უნდა გვქონდეს: ეს იყო „ცეცხლის“ სასწრაფოდ ჩაქრობის გადაუდებელი აუცილებლობა, რომელსაც ამ შემთხვევაში დიპლომატებმა წარმატებთ გაართვეს თავი. თუმცა მომავალში პრობლემა სად იჩენს თავს, რთულად პროგნოზირებადია. მოვლენები ხომ ძალზე დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და თემა შესაძლოა, ნებისმიერ დროს „გაცოცხლდეს“. ამდენად, ვფიქრობ, სკანდალს თავისი გაგრძელება ექნება. მით უფრო, რომ როგორც მხარეები აცხადებენ, მათ საკუთარი პრინციპული პოზიციებიდან უკან არ დაუხევიათ“.
რამ უბიძგა მხარეებს კომპრომისისკენ?
ბატიაშვილის ანალიზით, ხსენებულ მსხვილ სკანდალს შეეძლო მნიშვნელოვანი ძვრების გამოწვევა არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებში:
“ვინაიდან დიპლომატიაში ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს, ერდოღანის მოთხოვნის სისრულეში მოყვანის შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, ანალოგიური ზომებისთვის მიემართათ გაძევებული ელჩების ქვეყნებსაც, რაც, ცხადია, ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ორმხრივი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო ურთიერთობების თვალსაზრისითაც. ეს – იმ ფონზე, რომ დასახელებული 10 ქვეყნიდან 6 NATO-ს წევრია და მსგავსი ხისტი გადაწყვეტილებები ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე უცილობლად ჰპოვებდა ასახვას”.
ამასთანავე, მისი თქმით, შეფერხდებოდა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობებიც:
“როდესაც ელჩი გაძევებულია, ეს პირდაპირი ნიშანია ბიზნესმენებისთვის, ეკონომიკური საქმიანობისგან თავი შეიკავონ. ეს კი თურქეთის ეკონომიკიდან დასავლური კაპიტალის გადინებას გამოიწვევდა, რომელიც გარკვეულწილად ისედაც სახეზეა. სკანდალს უკვე მოჰყვა კიდეც თურქული ლირის დევალვაცია, რაც მძიმედ აწევს არცთუ მცირე პრობლემების წინაშე მდგომ თურქეთის ეკონომიკას, მათ შორის - უმუშევრობისა და მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით“.
რის მიღწევას ცდილობს თურქეთის ლიდერი
ბატიაშვილის დაკვირვებით, ერდოღანს თავისებური ხედვა აქვს თანამედროვე მსოფლიოში თურქეთის როლთან და ადგილთან მიმართებაში:
„თუ თურქეთის წინა მმართველები საბჭოთა კავშირისგან მომდინარე ეგზისტენციალური საფრთხის გათვალისწინებით, ქვეყანას დასავლეთის ნაწილად ხედავდნენ, დღეს ეს საფრთხე მოხსნილია და შესაბამისად, თურქეთი ახალი როლის ძიებაშია. ერდოღანის ხედვით, სხვა ქვეყნები უნდა ორიენტირდნენ თურქეთზე და არა პირიქით, თურქეთი კი უნდა იყოს რეგიონული ლიდერი. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თურქეთის საგარეო პოლიტიკა, თუ გვსურს, რეალურად გავაანალიზოთ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც უშუალოდ თურქეთში, ან მის გარშემო ვითარდება“.
რაც შეეხება თურქეთისა და რუსეთის თანამშრომლობას დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ბატიაშვილის ხედვით, „ვინაიდან სრულიად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმართვა ვერ ხერხდება, თურქეთს არჩევანის გაკეთება უწევს და ეს „მხარე“ რიგ შემთხვევაში დასავლეთია, რიგ შემთხვევაში – რუსეთი”:
„ამჟამად ვართ ფაზაში, როდესაც ყველაზე კმაყოფილი რუსეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა იმდენად სწრაფად ჩაცხრა პრობლემა, რომ მას აქტიური ნაბიჯებისთვის დრო აღარ დარჩა».
როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, თურქეთი კვლავ ამ ორ დიდ პოლუსს შორის რჩება, მას ლავირება უჭირს და ვიღებთ ხოლმე მის „ზიგზაგისებურ“ პოლიტიკას, თუმცა უსაფრთხოების თვალსაზრისით, NATO–ს წევრობა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკეთესი თავდაცვითი ორგანიზაცია არ შექმნილა და არცაა მოსალოდნელი, თვალსაწიერ მომავალში შეიქმნას:
“ამიტომ თურქეთი NATO–ს წევრად რჩება და ვიდრე ასეთად რჩება, ხოლო რუსეთი ალიანსს მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილავს, სტრატეგიულ საკითხებში მათი დაახლოება შეუძლებლად მიმაჩნია. შესაძლოა, იყოს გარკვეული ტაქტიკური საკითხები, გარიგებები, მათ შორის - სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არა სტრატეგიულ დონეზე გრძელვადიანად საერთო მიზნების ქონა, როგორც ეს NATO–ს შემთხვევაშია“.
რატომაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თურქეთში მიმდინარე პროცესები
ბატიაშვილი შეგვახსენებს, რომ თურქეთი, მათ შორის, საქართველოს #1 სავაჭრო პარტიონია, რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე თურქეთშია დასაქმებული და საქართველოში თავის ოჯახებს ფინანსურად უზრუნველყოფს, თურქული ლირის ყოველდღიური გაუფასურება კი მათ დოვლათზე აისახება. გარდა ამისა, როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, თურქეთის ეკონომიკურმა პრობლემებმა შესაძლოა, ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოში ტურიზმზე, ინვესტიციებზე და ა.შ.
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ბატიაშვილის თანახმად, მართალია, NATO–ში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის წევრობის საკითხი სადღეისოდ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა ელჩების გაძევების შემთხვევაში, რასაც შემდგომი ნაბიჯებიც მოჰყვაბოდა, მოვლენათა შესალო განვითარება რთულად პროგნოზირებადი იქნებოდა.
ფოტო: რადიო თავისუფლება