
დიტერ ბოდენი: "ვისურვებდი, აფხაზეთი ევროპული ოჯახის წევრად მეხილა"
27/10/2021 18:50:13 კონფლიქტები
გაერო-ს გენმდივნის ყოფილმა სპეცწარმომადგენელმა და გაერო-ს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა აფხაზურ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გაერო-ს როლის კვლავ გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ "ისურვებდა, აფხაზეთი ევროპული ოჯახის წევრად ეხილა".
კონფლიქტის მოგვარებაში გაერო-ს როლზე საუბრისას ბოდენმა კერძოდ, აღნიშნა:
"რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი მოგვარებული არ არის, საქართველოსა და თქვენს [აფხაზეთს - რედ.] შორის დღეის მდგომარეობით კმაყოფილები ვერ ვიქნებით: ურთიერთობები არ გაქვთ; პირადად მომიწია საზღვრის კვეთა და ვნახე, როგორი მკაცრი რეჟიმი მოქმედებს... რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან ადამიანებისთვის გადაადგილების მეტი თავისუფლება იყოს... ასე, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა გვაქვს. მაგრამ როგორც იცით, გაერო იძულებული იყო, 2008 წელს აქ მუშაობა შეეწყვიტა - და ეს ალბათ, სამწუხაროა, რადგან ვთვლი, რომ ამ ორგანიზაციას კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ახლაც გადაუჭრელია. ვფიქრობ, ყველამ უნდა მიმართოს ძალისხმევა, რათა სამომავლოდ გაერო-ს როლი ამ საკითხების გადაჭრაში კვლავ გააქტიურდეს".
ამასთან, ბოდენმა კონფლიქტის დარეგულირებაში ევროკავშირის გააქტიურების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
"ყველამ ვიცით, რომ უკვე წლებია, მიდის ჟენევის პროცესი, მაგრამ ხელშესახები პროგრესი იქ არ ჩანს. ჟენევაში განიხილება, მათ შორის, ჰუმანიტარული საკითხებიც, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც ეს პროცესი აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნებული და გაგრძელდეს. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ პრობლემებს, მაგალითად, სტატუსის საკითხს, ამ მხრივ ვერავითარ პოლიტიკურ პროგრესს ვერ ვამჩნევ. ვფიქრობ, აქ საჭიროა უფრო მიზანმიმართული ძალისხმევა და როგორც უკვე ვთქვი, გაერო-ს ასევე შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ პროცესს" - აღნიშნა მან.
აფხაზეთის მომავალზე საუბრისას კი ბოდენმა გამოთქვა სურვილი, აფხაზეთი "ევროპული ოჯახის წევრად ეხილა":
"რაც აქ პირველად ჩამოვედი, მას შემდეგ არ მტოვებს გრძნობა, რომ აფხაზეთი არის ევროპული ქვეყანა, ევროპის პატარა ნაწილი, ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი კავკასიელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენთვის, ევროპისთვის ძალიან ძვირფასები არიან. იმედი მინდა, ვიქონიო, რომ კავკასიაში არსებული კონფლიქტები რაც შეიძლება, სწრაფად დარეგულირდება და მალე მოვა დრო, როცა ადამიანები შეძლებენ საზღვრების თავისუფლად კვეთას, ევროპაში ჩამოსვლას სასწავლებლად და ა.შ. ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანების კეთილდღეობა. სტატუსის პრობლემა კი გააზრებულად უნდა გადაწყდეს".
ამასთან დაკავშირებით ინტერვიუერმა აღნიშნა: "სასიამოვნოა, რომ აფხაზეთს ევროპულ სახელმწიფოებს უტოლებთ, მაგრამ ვართ კი ევროპული პარამეტრების შესაბამისი ქვეყანა ცხოვრების დონის კუთხით?", რაზეც ბოდენმა უპასუხა:
"ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, არა. სამწუხაროდ, თქვენ ჩამორჩით, რაც ისევ და ისევ პოლიტიკური ვითარების შედეგია. თუმცა ვფიქრობ, პოტენციურად, აფხაზეთი მდიდარი ქვეყანაა, არსებობს შესაბამისი რესურსები, ასევე ტურიზმი და აქაურობას შეუძლია, ევროპის აყვავებულ რეგიონად იქცეს, რომელიც არაფრით იქნება ნაკლები იგივე ყირიმზე, ბათუმზე, თუნდაც ბულგარეთზე... აქ ხომ ისეთი სილამაზეა, ვფიქრობ, ადვილად გახდება მიმზიდველი ევროპელებისთვის. მთავარია, არსებული რესურსები სწორად იქნას გამოყენებული".