კობახიძე – „ქართული ოცნების“ აქციაზე: „ასეთი შეკრების ამოცანა ძალის დემონსტრირებაა“
27/10/2021 19:46:14 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი შეკრება იყო ძალის დემონსტრირება პოლიტიკური ოპონენტებისთვისაც.
ამასთან, კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელისუფლებო პარტიის აქციაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა ენმ-ის აქციაზე წარმოდგენილებს აჭარბებდა.
"ნებისმიერი ასეთი საარჩევნო შეკრების ამოცანა არის ძალის დემონსტრირება და დღეს საზოგადოებამ დაინახა რეალურად სად არის ხალხის ნამდვილი ძალა. შედარებებს არ გავაკეთებ, არ არის ეს ალბათ მიზანშეწონილი, თუმცა მე ერთხელ ხატოვნად ვთქვი, რომ დაგვჭირდებოდა იმდენი მძღოლი რამდენიც აქცია ჰყავდათ შეკრებილი "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალად ნათქვამი. რეალურად ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციისთვის დაგვჭირდა სერიოზული რესურსი და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი, ვიდრე ჩვენი ოპონენტების.
მე ციფრს არ ვიტყვი, მაგრამ რამდენჯერმე მეტი იქნა მობილიზებული ჩვენს შეკრებაზე ჩვენს ოპონენტებთან შედარებით. რამდენჯერმე მეტი რამდენია - ჯერ თავისი დათვალონ და შემდეგ დათვალონ შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა ამ შეკრებაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2“–ის ეთერში.
27 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო პარტია "ქართულმა ოცნებამ" აქცია გამართა. აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე ზუსტად იმ ადგილზე მიმდინარეობდა, სადაც 14 ოქტომბერს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერები შეკრიბა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოეს, რომელიც #12 საპატიმრო დაწესებულებაშ 1 ოქტმბრიდან შიმშილობს. მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებოდნენ, რომ ღონისძიებას არა კონტრაქცია, არამედ დასკვნითი საარჩევნო შეკრება იყო, თუმცა დღევანდელ აქციაზე გამომსვლელები ხშირად ახსენებდნენ მიხეილ სააკაშვილს და ოპონენტებთან მიმართებით იყენებდნენ სიძულვილის ენას.
იხილეთ ასევე:
როდესაც აქციას ხელისუფლება მართავს
რეგიონებიდან კოლონები დაიძრნენ: ვინ რა მოტივით ესწრება "ქართული ოცნების" აქციას


