"რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა"

28-10-2021 10:22:26 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის კონკურენციის ცხელი წერტილი შავი ზღვაა.

როგორც მან სენატში გამართულ მოსმენაზე აღნიშნა, "რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებები ნატო–ს გაფართოების შეჩერებას და შავ ზღვაზე კონტროლის გაზრდას ისახავს მიზნად".

"რეგიონში კონტროლის გასაძლიერებლად და მის სამხრეთ საზღვრებში ნატო–ს წარმომადგენლობის ასაცილებლად, რუსეთს აქვს ომისა და არალეგალური ტაქტიკის, აგრესიის გამოყენების ისტორია. 2008 წელს რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და არალეგალურად წაართვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები. 2014 წელს მოსკოვმა მოახდინა ყირიმის ანექსია, გააღვივა სეპარატისტული აჯანყება დონბასის რეგიონში. ეს არის კონფლიქტი, რომელიც გრძელდება და ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელების სიცოცხლეს იწირავს“, - განაცხადა, "ამერიკის ხმის" ცნობით, შაჰინმა.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი მუდამ მზად იყო და კვლავ მზადაა, გამოიყენოს ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური ძალა ნატო–ს გაფართოების შესაჩერებლად და შავ ზღვაზე კონტროლის გასაძლიერებლად.

მისი თქმით, რუსეთის ბოროტი ზრახვების მაგალითები, ნათლად იხილა ივნისში, უკრაინასა და საქართველოში ვიზიტისას.

„რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც სენატორი მერფი და მე, უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები. ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელიც 70 წელზე მეტია ინარჩუნებს მსოფლიო წესრიგს, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის საომარი ქცევების საპასუხოდ, ყირიმის ანექსიის შემდეგ. ნატომ წარმატებით გაამყარა ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა. „Sea Breeze" არის ყოველწლიურ წვრთნები, რომელიც ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მონაწილეობით იმართება და სოლიდარობის მნიშვნელოვან გზავნილს უგზავნის, ჩვენ შავი ზღვის მოკავშირეებს“, - აცხადებს სენატორი.

იგი დასძენს, რომ "შავი ზღვის საკითხებზე ნატო–ს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს, რადგან რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გასაღები ტრანსატლანტიკური ურთიერთობებია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები