„განზრახული აქვთ, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი“ – სუს–მა შეთქმულების მუხლით საქმე აღძრა

29-10-2021 18:25:36 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას, –ამის შესახებ უწყებაში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

საქმის გარემოებების შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ – ბაჩა მგელაძემ ისაუბრა, თუმცა ირკვვა, რომ გამოძიებას სუს–ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს.

"გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მის გლდანის ნომერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ განზრახული აქვთ, აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

მსგავს ქმედებებს, ადგილი შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იყვნენ დაბარებული გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება, პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას. რამაც შესაძლოა მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას.

," - განაცხადეს სუს-ში და დასძინეს, რომ გამოძიება სსკ–ის 315–ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, უწყებამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სუს–ის წარმომადგენლის თქმით, სასამართლოს განჩინებით ჩაწერილია სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და მასში ენმ–ის წევრები განიხილავენ ეტაპირებისთვის ხელის შეშლის საკითხებს. ჩანაწერში ფიგურირებს ენმ–ის წევრი ბესო წერედიანი.

უწყების წარმომადგენლის თქმით, რიგი პირები გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ვინაიდან არ გამოცხადდნენ, ისინი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები