
ოსური "უშიშროების კომიტეტი" საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს "შეშის უკანონო მომარაგებას" ედავება
29/10/2021 14:35:41 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი სოფელ ლოპანის სიახლოვეს საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებას ადასტურებს და განმარტავს, რომ მათ "შეშის უკანონო მომარაგებაში" ედებათ ბრალი.
«საქართველოს ორმა დაკავებულმა მოქალაქემ არა უბრალოდ დაარღვია სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი, არამედ მიზანმიმართულად შემოვიდა რესპუბლიკაში სატვირთო ავტომანქანით და შეშის უკანონო მომარაგებას ცდილობდა», – ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე ცხინვალი ჩვეულ სადეზინფორმაციო პროპაგანდაზე გადადის და ირწმუნება, რომ "გამოკითხვისას გამოიკვეთა საქართველოში უმუშევრობის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას უკავშირდება".
«გაზის სიძვირის გამო საზღვრისპირა გაზიფიცირებულ სოფლებში გაზით გათბობის ფუფუნება მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. გარდა ამისა, საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის წარმატებულობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მედიით ვრცელდება, მოქალაქეებში ნდობას არ იმსახურებს და ისინი მასობრივად აცხადებენ აცრაზე უარს, შედეგად კი ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება. საქართველოს მოსახლეობის ბრძოლა გადარჩენისთვის, ელემენტარული პირობებისა და სახსრების არარსებობა მოქალაქეებს ჩვენი რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობებისკენ უბიძგებს" - ნათქვამია ოსური დე ფაქტო უშიშროების განცხადებაში.
საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ 28 ოქტომბერს გახდა ცნობილი.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი". ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად“, – განაცხადეს სუს–ში.