
ზელენსკი - Bayraktar-ის გამოყენებაზე: "სწორედ ასე გავაგრძელებთ მოქმედებას"
29/10/2021 16:01:19 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასზე თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატის - Bayraktar-ის გამოყენებას "საპასუხო ნაბიჯი" უწოდა და განაცხადა, რომ ეს "უკრაინის შეტევას არ ნიშნავს".
"ჩვენ არ ვუტევთ, ჩვენ პასუხს ვცემთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესაბამისად. და სწორედ ამ ფორმატში გააგრძელებს მოქმედებას უკრაინა", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, "უკრაინას როგორც უპილოტო საფრენი აპარატები, ისე სხვა შეიარაღება სწორედ თავდაცვისთვის აქვს და როცა უკრაინული არმია გრძნობს, რომ მშობლიური მიწა დასაცავია, ის ამას აკეთებს".
ცნობისთვის: სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა ინფორმაცია დონბასში თურქული წარმოების დრონ Bayraktar-ის პირველი საბრძოლო გამოყენების თაობაზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეა ზასსემ განაცხადა, რომ ბერლინი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებაში კონფლიქტის "ყველა მხარეს" ადანაშაულებს, რადგან მინსკის შეთანხმებების თანახმად, ეს მხოლოდ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიისთვისაა ნებადართული. საპასუხოდ გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა უკმაყოფილება გამოხატა.
როგორც მელნიკმა Bild-თან საუბრისას განაცხადა, კიევი გერმანული საგარეო უწყების წარმოადგენლის განცხადებას "კატეგორიულად არ ეთანხმება" , რადგან "უკრაინას თავდაცვის სრულიად კანონიერი უფლება გააჩნია".
ამასთან, უკრაინელმა დიპლომატმა დასძინა, რომ "შეშფოთებების გამოხატვის ნაცვლად, ბერლინმა საშუამავლო ძალისხმევა უნდა გააორმაგოს "ნორმანდიულ ფორმატში" შეხვედრის ორგანიზებისთვის" და მოსკოვს "საკადრისი ადგილი მიუჩინოს".