Accentnews.ge
ვერშბოუ: "უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რთულია, მაგრამ შესაძლებელი"

ვერშბოუ: "უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რთულია, მაგრამ შესაძლებელი"

29/10/2021 16:08:11 პოლიტიკა

ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რთულია, მაგრამ შესაძლებელი, - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი ალექსანდრე ვერშბოუ.

"მე, უდავოდ, მჯერა ნატო-ს გაფართოების მესამე ტალღის აუცილებლობის და მხედველობაში მყავს, რაღა თქმა უნდა, უკრაინა - ნომერ პირველი და საქართველო, შესაძლოა, - ნომერ ორი. თუმცა გვაქვს გარკვეული პრობლემები, რადგან საქართველოში დემოკრატიული პროცესები ჩამორჩება… ეს საქმე იმგვარად უნდა გავაკეთოთ, რომ ერთის მხრივ, რუსების შეშფოთებას გავუწიოთ ანგარიში, მაგრამ მეორეს მხრივ, არ მივცეთ რუსეთს საშუალება, შეგვაფერხოს ამ საქმეში, რომელიც სწორია და ამის შესაძლებლობას ჰელსინკის დასკვნითი აქტიც გვაძლევს (მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური და ტერიტორიული შედეგების გამყარება – რედ.) და სხვა ის შეთანხმებებიც, რომელსაც რუსეთმა თავადვე მოაწერა ხელი", - განაცხადა ვერშბოუმ "ТСН"-თან ინტერვიუში.

მან ისიც აღნიშნა, რომ ალიანსის ზოგიერთი მოკავშირე "ძალიან ნერვიულობს რუსეთის რეაქციის გამო, ამიტომაც 13 წლის განმავლობაში უკრანიამ და საქართველომ MAP-ი ვერ მიიღეს".

"მე ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ MAP-ის საკითხის გადაჭრის ვერანაირ გზას. მაგრამ MAP-ი მთავარი არ არის. მნიშვნელოვანია, მოკლევადიან პერსპექტივაში დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა და საქართველო შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას და რუსეთის მხრიდან შესაძლებელი ნებისმიერი აგრესიის შეკავებას", - განმარტა ვერშბოუმ და იქვე დასძინა, რომ "წინ ბევრი საქმეა გასაკეთებელი".

"ამ მომენტისთვის უკრაინა მთლად მზად არ არის. მაგრამ მე ის მაღელვებს, რომ უკრაინა შესაძლოა, უფრო სწრაფად მოემზადოს, ვიდრე ნატოს დანარჩენი ნაწილი" - აღნიშნა დიპლომატმა.

მისივე თქმით, "აშშ-მა წამყვანი როლი უნდა შეასრულოს სხვა მოკავშირეების იმაში დასარწმუნებლად, რომ უკრაინა კარგი კანდიდატია ალიანსის წევრობისთვის და რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა კიევს თავდაცვაში და ბოლოს და ბოლოს, ღია კარში შესვლაში დავეხმაროთ".

რაც შეეხება ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტორს, ვერშბოუს თქმით, "ეს პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან ასეთ ვითარებაში ალიანსის უსაფრთხოების გარანტიის უკრაინასა და საქართველოზე გავრცელება რთულია, თუმცა ეს შეუძლებელი სულაც არ არის".

"ნატო-ს უსაფრთხოების გარანტია შესაძლებელია, გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც კიევისა და თბილისის ფაქტობრივ კონტროლსქვეშ იმყოფებიან, სანამ ოკუპირებული ტერიტორიები არ იქნება რეინტეგრირებული. ასე, რომ ოკუპირებულობა დაუძლეველ წინაღობად არ უნდა განვიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომ პროცესს ნამდვილად ართულებს", - დასძინა მან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S