
„იარაღი ჩაუდეს! – წითლიძე ენმ-ის მხარდამჭერის დაკავებაზე საუბრობს
29/10/2021 17:17:12 სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის ცნობით, ზუგდიდის ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია დააკავეს.
დაკავება სენაკის გზაზე განხრციელდა, როდესაც ჯანაშია თბილისიდან ბრუნდებოდა.
„იარაღი ჩაუდეს! ეს რომ მოსალოდნელი იყო, ამაზე მან ჯერ კიდევ მანამდე დაწერა „ფეისბუკ"-გვერდზე და ჩვენც ვამბობდით ამას“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი პარტიის მხარდამჭერ ყოფილ სამართალდამცავებს პოლიტიკური ნიშნით დევნის ხელისუფლება.
ამირან ჯანაშიას შესახებ შეკითხვას უპასუხა ბრიფინგზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
„ზოგადად, კრიმინალებით არის სავსე ეს ორგანიზაცია [„ნაციონალური მოძრაობა"]. ეს შემთხვევა მე კი არ ვიცი, მაგრამ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ რას? მუდმივად ხდება „ნაცმოძრაობის" მიერ კონკრეტული კრიმინალების გამართლება. რატომ? ეს პოლიტიკური ძალა, ზოგადად, არის სავსე კრიმინალებით. დაწყებული მიხეილ სააკაშვილით, მეგის ქარდავათი, გიგი უგულავა და ა.შ. დამთავრებული მთელი რიგი რიგითი აქტივისტებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
20-21 ოქტომბერს შსს-მ ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. ყოფილი სამართალდამცავების დაკავების გამო თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა რამდენიმე პოლიციელმა.