ბურჯანაძე – „ძველ ბიჭებზე“: „მათივე მენტალიტეტიდან გამომდინარე სირცხვილია, ისე იქნევიან“

30-10-2021 14:58:10 ციტატა

„ძველი ბიჭები უკვე ბრჭყალებში უნდა ვთქვა, რადგან სირცხვილია, ისე იქნევიან, მათივე მენტალიტეტიდან გამომდინარე. უბრალოდ სირცხვილია, რასაც აკეთებენ“.

ასე აფასებს არაუფლებამოსილი პირების მობილიზებას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე „ფორმულას“ ეთერში.

ცნობისთვის: ისევე როგორც სხვა არჩევნებზე, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების და „ძველი ბიჭების“ მობილიზება საარჩევნო უბნებთან, მათ შორის, კანონით განსაზღვრული 100–მეტრიანი დისტანციის დარღვევით. აღნიშნული საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან ნეგატიურ მოვლენად შეფასდა.

კოორდინატორებთან დაკავშირებთ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებსა მოუწოდა, თავი დაანებონ „ქართული ოცნების“ აგიტატორების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების ფლობითა და სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ:

„ჩვენი წარმომადგენლების ბულინგი „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მიერ მიმდინარეობს. კანონის შესაბამისად, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, უფლება აქვს, თუ საარჩევნო უბანთან 100 მეტრიან დისტანციას იცავს, გასწიოს აგიტაციაც კი, არათუ ჰქონდეს საარჩევნო სიები, რომელიც მოეპოვება ცესკო-ს, ასევე მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და აწარმოოს სააგიტაციო მუშაობაც კი, 100 მეტრიანი რადიუსის გარეთ. ამის მიუხედავად, იმ მიზნით, რომ ჩვენს წარმომადგენლებში დაბნეულობა გამოიწვიონ, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ჟურნალისტები დასდევენ და ცდილობენ, ჩვენი წარმომადგენლების ბულინგს, მათ ეკითხებიან, რატომ აქვთ სიები. რამდენიმე შემთხვევა მართლაც დაფიქსირდა, როცა სიებს არ აჩვენებენ, რაც მათი დაბნეულობით აიხსნება, თუმცა ხაზგასმით ვამბობ, რომ მათ აქვთ სიების ფლობისა და სარგებლობის უფლება. ამიტომ, ყველა ჟურნალისტსა და ტელევიზიას მოვუწოდებ, თავი დაანებონ ამ ადამიანების ბულინგს, რადგან ისინი საარჩევნო სიების სარგებლობით უკანონოდ არაფერს აკეთებენ. ვისაც სია აქვს, ამის ლეგიტიმური უფლება აქვს. მათი დაბნეულობის მიზანია, საარჩევნო პროვოკაციების მოწყობა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან. ეს ტელევიზიები „ძირითად დარღვევად“ სიებს იშველიებენ, რაც დარღვევა არ არის“.

შსს–ში განაცხადეს, რომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები