
პროტესტი უშგულში – მოსახლეობამ გზა გადაკეტა
12/08/2019 12:10:59 სხვა, რეგიონები, საზოგადოება
უშგულში საპროტესტო აქცია იმართება. მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ადგილობრივები ხელისუფლებისგან ისტორიული კოშკების რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კოშკებისა და მაჩუბების 90 პროცენტი საგანგაშო მდგომარეობაშია.
„თუ ჩვენ ამათ დროულად არ მივხედეთ, შეუქცევადი პროცესი დაიწყება, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ ამ კულტურული მემკვიდრეობის ულამაზეს ძეგლს და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ლამაზ მატიანეს წაგვართმევს“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ივლისის ბოლოს კოშკი უშგულის თემის სოფელ მურყმელში ჩამოინგრა. მსგავსი ფაქტი 2017 წელსაც მოხდა.
აქციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე აცხადებს, რომ სვანური კოშკების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქციებით ეს პროცესი ვერ დაჩქარდება:
„21 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლა სვანეთში და 30 ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტი მზადდება, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას, რომ სვანეთში არაფერი კეთდება. 160 ძეგლს სჭირდება გადაუდებელი სამუშაოები. ერთიანად ამ 160 ძეგლის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდება ვერც ადამიანური და ვერც ფინანსური რესურსებით. ჩაქსელიანების კოშკის თაობაზე ვანგარიშობთ, რომ მომავალ წელს დაიწყოს მისი რეაბილიტაცია. მესაკუთრეების პასუხისმგებლობა სად არის? რამდენჯერმე გაკეთებული ძეგლი იმის გამო დაზიანდა, რომ არ გადმოთოვლეს და ხელმეორედ მოგვიწია მისი გაკეთება“.