
იუსტიციის საბჭოს წევრებმა თანამდებობები ვადაზე ადრე დატოვეს
01/11/2021 06:25:08 სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. საბჭოს ახალი წევრები მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე აირჩიეს. ახალი წევრების არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ.
„მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. ვულოცავ პაატა სილაგაძეს და გიორგი გოგინაშვილს და ვუსურვებ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა საბჭოში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.
კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ გაუმართლებლად მიიჩნევს არსებულ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევას.
“იმ ფონზე, როდესაც საბჭოს შემადგენლობა და წევრების შერჩევის პროცედურა გადახედვას საჭიროებს, ასევე, არსებობს არამოსამართლე წევრის 5 ვაკანტური პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფისთვის გარანტირებული ხმის ფლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ასეთ ვითარებაში მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესი სასამართლო სისტემიდან სხვა საკითხებზეა მიმართული, ძალაუფლების განმტკიცების სურვილით ცდილობს ნაჩქარევად, რეფორმების არარსებობის პირობებში მიიღოს ეს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.