Accentnews.ge
რას ჩამოაგორებს აფხაზეთში მოსკოვიდან მორიგი ხოჭო

რას ჩამოაგორებს აფხაზეთში მოსკოვიდან მორიგი ხოჭო

02/11/2021 08:18:12 კონფლიქტები

აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" მრავალი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ყველა აცნობიერებს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე, რომელსაც აფხაზეთში "სტრატეგიულ პარტნიორად" მოიხსენიებენ. რამდენსაც გაიმეტებს "სტრატეგიული პარტნიორი", იმდენი წავა რესპუბლიკაში არსებული უამრავი ხვრელის ამოვსებაზე, - რა თქმა უნდა, კორუფციული შემადგენელის გამოკლებით, რის შემდეგაც თავად რესპუბლიკისთვის, არსობრივად, დიდად აღარაფერი რჩება…

რუსეთის მიერ აღიარებული ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან, ცნობილი ხოჭოების მსგავსად, აგორებენ და აგორებენ ნაკელის ბურთებს, რომლებიც დაპირებებისგან, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებისა და ამ დრომდე ჩამოუყალიბებელი აფხაზური ეკონომიკის რუსული დაფინანსებისგან შედგება.

ბოლო დროს სტრატეგიულმა პარტნიორმა ტაქტიკა შეცვალა და დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთის ხელმძღვანელობისგან შეუძლებელს მოითხოვს. არა, არ იფიქროთ - ფულს აფხაზეთის ხელმძღვანელობა რუსეთს კვლავინდებური მონდომებით გამოართმევს, მაგრამ პარტნიორობის სანაცვლოდ რუსული მხარის მიერ მოთხოვნილის შესრულება საგრძნობლად გაუჭირდება, თუ საერთოდ მოახერხებს: აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელსაც პოეტურად "ჰარმონიზაცია" უწოდეს, რეალურად კი მოიცავს ყველაფერ იმას, რაც თვალსაწიერ მომავალში აფხაზეთს სახელმწიფოებრიობის დაკარგვით ემუქრება (რუსეთის მოქალაქეებისთვის საკუთრების მიყიდვა; ენერგეტიკული სექტორის რეფორმა, რომელიც ენერგოობიექტებზე კერძო უცხოური საკუთრების უფლების დაშვებას გულისხმობს; ორმაგი მოქალაქეობა და ბევრი სხვა რამ, რისი მიღებაც სტრატეგიულ პარტნიორს სურს), აფხაზური ხელისუფლების დიდი მონდომების მიუხედავად, ხალხი მხარს არ დაუჭერს.

აფხაზეთი დღევანდელი რუსეთი არაა, პრეზიდენტებსა და მთავრობებს აქ საკმაოდ რეგულარულად ცვლიან, ხოლო საზოგადოებაზე ხელისუფლების ზეწოლა ხშირ შემთხვევაში მორიგი რევოლუციით მთავრდება. ამას, როგორც ჩანს, მშვენივრად აცნობიერებს ასლან ბჟანიაც, მაგრამ მოსკოვისთვის მიცემული დაპირებების აღსრულება მას მაინც უწევს, - წინააღმდეგ შემთხვევაში რუსულმა დახმარებამ შეიძლება, დაიგვიანოს.

დღევანდელ რუსეთში უკვე ჩამოყალიბებულია პოლიციური სახელმწიფო, აფხაზეთში - ჯერ არა, თუმცა პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით, როგორც ჩანს, უკვე გადაიდგა: 30 სექტემბერს შსს-ს ხელმძღვანელმა, მისმა მოადგილეებმა და უწყების სხვა თანამშრომლებმა ომის ვეტერანები და პარლამენტის დეპუტატი ცემეს, სამართალდამცველთაგან ამაზე პასუხი ჯერ არავის უგია, თუ არ ჩავთვლით მინისტრისთვის დროებით უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელიც პრეზიდენტმა საზოგადოებრიობის ზეწოლით განახორციელა - და სასწრაფოდ გაეშურა მოსკოვში, რათა სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებით ეწელა დრო.

დაბრუნებულმა, ბჟანიამ გაწეული სამუშაოს შესახებ მოხსენება წარმოადგინა (მოსკოვიდან ჩამოგორებული ნაკელის მორიგი ბურთის დემონსტრირება მოახდინა), მაგრამ სამართალდამცველების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო წარმოქმნილი "გროვა" არსად გამქრალა: დაზარალებული ვეტერანების თანასოფლელებმა "ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო" ჩამოაყალიბეს და კვლავინდებურად მოითხოვენ მინისტრის გადაყენებას. სიტუაციით ისარგებლეს ოპოზიიციის წარმომადგენლებმაც, რომლებსაც რევანში სწყურიათ და კვლავ ქვეყნის სათავეში დასაბრუნებლად იღწვიან.

ასე, რომ მოსკოვიდან დაპირებების მორიგი ბურთის ჩამოგორებამ პრეზიდენტს ჯერ-ჯერობით ვერაფრით უშველა. ახალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა აფხაზურ ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდება: ვეტერანების მოთხოვნების შესრულება პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, ხოლო დღევანდელი რუსეთის მსგავსი პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა არ შეუძლია. აფხაზეთის გადაუჭრელი პრობლემების გროვა კი ამასობაში იზრდება და იზრდება…

ინალ არისთავა

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

__________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S