"გვერდზე გადგომა და ბოიკოტი გამოსავალი არ არის"
02/11/2021 08:48:21 პოლიტიკა
საპარლამენტო ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპარლამენტო საქმიანობა უნდა გააგრძელოს.
მისი თქმით, გამოსავალი არ არის ბოიკოტი, მანდატებზე უარის თქმა და „გვერდზე გადგომა":
"ეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ უქმნის ძალიან კომფორტულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უნდა შევუქმნათ ძალიან მძიმე პირობები იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ იმ ტიპის უტიფარი განცხადებების გაკეთება, რაც გვესმის ყოველდღიურ რეჟიმში. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბრძოლის მომენტში, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ რიგგარეშე არჩევნებს, ჩვენ გვქონდეს სრულიად პროპორციული დაბალი ბარიერით სისტემა, რომელზე პასუხისმგბელობა აიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ეს საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე არის ერთი მოსმენით მიღებული. თუ ჩვენ არ მივიღეთ ეს ცვლილებები და ამის საბაბი გახდა ოპოზიციური პარტიები, მაშინ დარჩება 120/30-ზე სისტემა, რითაც „ოცნება“ გარანტირებულად დარჩება ხელისუფლებაში“.
ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” აცხადებს, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ. თუმცა ბოიკოტის მიუხედავად, ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


