Accentnews.ge
ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს

ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მოწმეები გამოჰკითხეს

02/11/2021 10:00:49 სამართალი

სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა რამდენიმე პირი, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ჩანაწერში ფიგურირებდა.

ჩანაწერის ერთ-ერთ მონაწილის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ბესიკ წერედიანის განცხადებით, ჩანაწერი რამდენიმე განსხვავებული კონტექსტის მქონე დიალოგის ფრაგმენტების კომპილაციას წარმოადგენს.

მისი თქმით, მოსამართლის წინაშე გამოკითხვისას ინტერესდებოდნენ ჩანაწერში არსებულ ფრაზებზე, რაზეც მან ამომწურავი პასუხები გასცა:

„ჩემი ხშირი ლოკაციის ადგილი არის პარტიის ოფისი და პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, იქ, სადაც მიმდინარეობს საუბარი ამ ქვეყნის მომავალზე. არანაირი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, ეს იყო მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა. არავითარი უკანონო არ იყო... ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია, შესაბამისად, ხმის და გადაბმის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს სანდო ექსპერტიზამ. საუბრის კონტექსტი რაც არის, ეს ადასტურებს ჩემს განწყობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საუბარი როდის იქნა ჩაწერილი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. გამომძიებელი მეცოდებოდა იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, როდესაც კითხვებს სვამდა. ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს გააჩნია, ეს არის ჩემი ორთვიანი დაკავება. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, ეს იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება რუსთავის ციხეში“.

გამოკითხვის შემდეგ კიდევ ერთმა ფიგურანტმა დავით მახარაძემ განაცხადა, რომ არ იცის რას ედავებიან, ვინაიდან, მისი თქმით, „არც განზრახვა ყოფილა და არც გადაწყვეტა“:

„უბრალოდ საუბარი იყო, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა, რასაც ალბათ ყოველდღე მილიონობით ადამიანი გამოთქვამს, აი ზუსტად ეგეთი ამბავი იყო და რასაც სოციალურ ქსელში წააწყდები მილიონს“.

კიდევ ერთი გამოკითხულის გიორგი შერვაშიძის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ მოაწერინეს ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე:

„არავინ არ აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას, ამბოხს. ჩვენი პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული. ეს არც გეგმა იყო, არც არაფერი. შეკერილი საქმე ჰქონდათ, რომელიც საარჩევნო ფანდი იყო, მიკროფონით სახელმწიფო გადატრიალება და სახელმწიფოს ამბოხი არ ტარდება“.

სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე აწარმოებს გამოძიებას. 29 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ეს საქმე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება.

სუს-ის ცნობით, "საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის #18 სასჯელაღასრულების დაწესებულებაში გადაყვანისთვის ხელის შეშლის მიზნით, მისასვლელი გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ განზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული ქმედებით გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. მსგავს ქმედებებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებაში ეტაპირების დროსაც".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S