
ანა დოლიძე ოპოზიციას მოუწოდებს, საკრებულოებში მერის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ
02/11/2021 11:00:07 პოლიტიკა
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, მერის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული.
„ჩვენ, ოპოზიციას ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოებში უმრავლესობა აქვს (ეს რაიონებია - ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მარტვილი) დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ამასთან, იმ რაიონებში, სადაც საკრებულოში უმრავლესობა აქვს მმართველ გუნდს, ამომრჩეველთა 20%-ს აქვს საშუალება, შეგროვებული ხელმოწერების საფუძველზე, მიმართოს ადგილობრივ საკრებულოებს, რომელთა 2/3-ს აქვს უფლება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
"პარტია ხალხისთვის" ლიდერის თქმით, სახალხო იმპიჩმენტი და საკრებულოს გადაწყვეტილება იქნება სიგნალი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი და ქვეყანა მზადაა ვადამდელი არჩევნებისთვის.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზა, რომელსაც მე ვთავაზობ ოპოზიციას და რომლის განხორციელებაშიც მე მათ მხარში დავუდგები ამ მუნიციპალიტეტებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.