
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს 2000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს
02/11/2021 16:35:48 სამართალი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს იმედა კლდიაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.
"დაკავებისას ძალა გამოიყენეს, რადგან როგორც ამბობენ, ძალის გარეშე იმედას დაკავება ვერ ხერხდებოდაო", - განაცხადა მან პროცესიდან გამოსვლის შემდეგ.
იმედა კლდიაშვილი გუშინ ქუთაისში მას შემდეგ დააკავეს, რაც მან დაუმორჩილებლობის აქტი გამოაცხადა და სუს-ის შესასვლელი საკუთარი ავტომობილით ჩაკეტა.
„შეგნებულად ვაკეთებ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს, იმიტომ, რომ ამ შენობაში არსებულმა ადამიანებმა მოიპარეს ქუთაისელების არჩევანი, გააჩუმეს დღეს ადამიანი, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორებს დარღვევაში ამხელდა და ფეხს არ გავადგამ და არ დავიძრები აქედან, ეს იქნება ჩემი დაუმორჩილებლობის აქტი“, – აცხადებდა კლდიაშვილი.
კლდიაშვილს მანქანის გადაყენება სთხოვეს, თუმცა მან დაუმორჩილებლობის ნიშნად ეს არ გააკეთა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა მანქანიდან გადაიყვანეს და დააკავეს.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.