Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატი: "სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარებაზე უარს განვაცხადებთ"

სააკაშვილის ადვოკატი: "სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარებაზე უარს განვაცხადებთ"

03/11/2021 07:42:10 პოლიტიკა, სამართალი

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების სურვილი აქვს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ სხდომები დისტანციურად ჩატარდეს, სააკაშვილი ამაზე უარს იტყვის.

გელხაურის თქმით, თუ ადამიანი პროცესის დისტანციურ რეჟიმში გამართვაზე უარს აცხადებს, სხდომა ტარდება სასამართლო დარბაზში:

"34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებია. მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე უარს განვაცხადებთ. პრაქტიკა ასეა დღეს, რომ თუ უარს აცხადებს სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სასამართლო პროცესიც უნდა იყოს, შემდგომ ეს პროცესი ტარდება "ლაივში". იმის შიშით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს ეკრანებთან და არ მიმართოს საზოგადოებას და სასამართლოს, დღემდე პროცესი არ ჩატარებულა. მისი სურვილია, დაესწროს სასამართლოს სხდომას".

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 10 ნოემბერსაა ჩანიშნული. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მას დაკავებიდან 20 დღის შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალი წარუდგინა.

სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S