
DRI: "აფხაზეთში ბიტკოინის მაინინგ-ფერმები რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად იქცა"
03/11/2021 08:47:16 კონფლიქტები
ორგანიზაცია “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამომომწვევ ფაქტორებზე და ამ კუთხით რუსულ ასპექტებზე მოკვლევას აქვეყნებს, რომელშიც კრიზისის გამომწვევ ძირითადად მიზეზად რეგიონში ბიტკოინის მაინინგ-ფერმებს განიხილავს.
“ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ენგურჰესის გათიშვამ რეგიონი ღრმა ენერგოკრიზისში ჩააგდო. ვითარება ვერც სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოსწორდა. რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის იმპორტის სისტემა ვერ აეწყო და დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის ენერგოკრიზისი დღესაც გადაუჭრელ გამოწვევად რჩება”, – აცხადებს DRI.
ისევე როგორც დარგის ექსპერტები, ორგანიზაციაშიც მიიჩნევენ, რომ ელექტროენერგიის დეფიციტს ოკუპირებული აფხაზეთის ენერგოსისტემაში ბიტკოინის მაინინგ-ფერმები ქმნის.
"საქართველოს ენერგოსისტემიდან, კერძოდ, „საზიარო“ ენგურჰესიდან რეგიონისთვის ელექტროენერგიის უფასოდ მიწოდებამ ჩრდილოვანი ეკონომიკის ეს დარგი ააყვავა და რეგიონისთვის ნამდვილ კატასტროფად აქცია. გარდა იმისა, რომ მაინინგ-ფერმების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა მიწოდების კოლაფსს იწვევს და განუზომლად დიდ სოციალურ ტვირთად აწევს რიგით მომხმარებელს, იგი, ასევე, ხელს უშლის სხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობის წარმოებას და გაშლას. დე-ფაქტო მთავრობა ამ გამოწვევისთვის თავის გართმევის გზებს, ბიტკოინის მაინინგ-ფერმების აღკვეთის გარდა , საზოგადოებას ვერაფერს სთავაზობს. თუმცა წარმატება ამ არც თვალსაზრისით ჩანს. რამდენი მაინინგ-ფერმაც არ უნდა დახურონ, ამ ჩრდილოვან სექტორში ჩართულ აქტორებს ყოველთვის შეუძლიათ, სანაცვლო ფერმები გამართონ”,– აცხადებს DRI.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორუფციის მასშტაბებიდან გამომდინარე, ბიტკოინის წარმოებით შექმნილი შემოსავალი, როგორც DRI-ის მოკვლევაში წერია, “ამ არალეგალური ბიზნესის მფლობელებსა და ისევ დე-ფაქტო ხელისუფლების და მისი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შორის ნაწილდება”.
ამასთან, აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციაში რუსეთის ფაქტორზეც საუბრობენ:
"ეს ვითარება ცხადყოფს ენერგოკრიზისში რუსეთის ფედერაციის არაერთგვაროვან როლს. ერთის მხრივ, რუსეთი იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს თავის პროტეჟე დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთის ენერგომომარაგების უზრუნველყოფაში. ამისათვის ენერგეტიკის თანადაფინანსების პრინციპიც არსებობს. ენერგოსისტემის მართვის უუნარობის გამო რეგიონის თავისი წილ პასუხისმგებლობას ვერ ასრულებს, კერძოდ, ვერ ახერხებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღებას და არც რუსეთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ თავისი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგება ენერგომიმწოდებელი ქსელის პრივატიზაციის საკითხი, რაც, როგორც ჩანს, რუსეთის ინტერესებშია და რასაც დე-ფაქტო ხელისუფლება აყოვნებს. ამჟამად რეგიონის ენერგოსისტემას ე.წ. დახურული ტიპის სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „ჩერნომორენერგო“ მართავს. რეგიონში ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება მის შეძენას გეგმავს, მანამდე კი ენერგოკრიზისის მარწუხებში მოქცეული დე-ფაქტო მთავრობა, სავარაუდოდ, ვერც გამოსავალს იპოვის და ვერც სრული გაზიფიკაციის დაპირებულ პროექტს მიიღებს, რომელიც შეძლებდა ამ კრიზისის სოციალური ფასის გარკვეულწილად შერბილებას".