
სააკაშვილის ადვოკატები: "ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება უკვე მედიკამენტოზური ჩარევითაც გართულდება"
03/11/2021 09:30:36 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.
როგორც მან ჟურნალისტებს მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დღეს ექს–პრეზიდენტი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს.
"სააკაშვილი აცხადებს, რომ ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას. მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა, მორალურად მხნედ არის და აპირებს ასე გააგრძელოს. აპირებს ასე გააგრძელოს. სისუსტე გამოიხატება ფიზიკურ გადაადგილებაში, კიდურების შეშუპებაში. მას ამ ეტაპზე გადაადგილება ფიზიკურად შეუძლია. თუმცა, საკითხის დაყენება რომ აუცილებლად უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ვინაიდან გაგრძელდეს მისი მკურნალობა სამოქალაქო კლინიკაში, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამას ყოველჯერზე ვითხოვთ. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა ხდება, ის ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომ აიღონ ანალიზები და გვითხრან ექიმებმა როგორია მისი ჯანმრთლების მდგომარება, რაიმე მონაცემი ხომ არაა სასიცოცხლო ნიშნულს ხელოვნურად ჩამოცდენილი“,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ამასთან, სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება:
"მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი, მან უკვე ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც უკვე გართულდება. ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას".
სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.