
უსაფრთხოების „ქოლგა“ საქართველოსა და უკრაინისთვის რუსეთისგან თავის დასაცავად
03/11/2021 13:30:15 საგარეო პოლიტიკა, ანალიზი
შავი ზღვის უსაფრთხოება კვლავ აშშ-ის ყურადღების ცენტრშია. ოქტომბრის ბოლოს სენატმა რეგიონში რუსეთის დესტრუქციული მოქმედების თემაზე სპეციალური მოსმენა გამართა სახელწოდებით “შავი ზღვის უსაფრთხოება: რეგიონის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის აღორძინება”, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობას ეძღვნებოდა. ამერიკელი სენატორები, ნატო-ს რიგი ქვეყნების ლიდერების მსგავსად, თვლიან, რომ მოსკოვის შეკავება შესაძლებელია რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერით, ექსპერტებს კი ამ შესაძლებლობის ნაკლებად სჯერათ და რუსული ექსპანსიის შეკავების ერთადერთ ეფექტურ ნაბიჯად რეგიონის ქვეყნების ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფას მიიჩნევენ.
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იან ბჟეზინსკი თვლის, რომ აშშ და მისი ნატო-ელი მოკავშირეები აშკარად ნაკლებ ყურადღებას უთმობენ შავი ზღვის რეგიონს, ვიდრე, მაგალითად, ბალტიკას, რასაც მოსკოვი “მწვანე შუქად” აღიქვამს სამოქმედოდ:
«რუსეთის მიერ სამხედრო სიძლიერის ზრდამ, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამ, სხვა პროვოკაციულმა სამხედრო მოქმედებებმა და ჰიბრიდულმა ომმა შავი ზღვა რუსეთის სამხედრო ტბად აქცია, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი ძირგამომთხრელი და ექსპანსიური მიზნების გასატარებლად იყენებს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთაც. ეს აგრესია ხაზს უსვამს იმას, როგორ იქცა შავი ზღვის რეგიონი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების სუსტ რგოლად. და მიუხედავად ამისა, ევროპის ამ ნაწილმა ვერ დაიმსახურა იმგვარი პრიორიტეტულობა და ფოკუსი, როგორიც მისმა ჩრდილოელმა ანალოგმა – ბალტიის ზღვის რეგიონმა. აშშ-ისა და მისი ნატო-ელი პარტნიორების, ასევე ევროკავშირის მხრიდან ყოვლისმომცველი და უფრო აგრესიული სტრატეგიის არარსებობის პირობებში შავი ზღვის რეგიონი მომავალში, მაღალი ალბათობით, რუსული აგრესიის კიდევ უფრო გაძლიერების მსხვერპლად იქცევა, რაც არა არტო საფრთხის წინაშე დააყენებს რეგიონის დემოკრატიების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს, არამედ გაზრდის სამხედრო კონფლიქტის რისკსაც, მათ შორის – ესკალაციის საშიში დინამიკით».
ანალიტიკოსის შეფასებით, რეგიონში რუსეთის აგრესია მოიცავს აგრეთვე ძირგამომთხრელ პოლიტიკურ საქმიანობას, კიბერშეტევებს, საბოტაჟსა და მკვლელობებსაც კი და ყველა ამ ინსტრუმენტს კრემლი თითქმის მთელი ევროპის მასშტაბით იყენებს. კერძოდ, ბჟეზინსკის თქმით, რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინაში არაერთხელ მოუკლავთ კრემლის პოლიტიკის კრიტიკოსები, ბულგარეთი კი 2011-2020 წლების პერიოდში მომხდარ ოთხ აფეთქებას იძიებს საბრძოლო მასალების საწყობებში, რომელშიც საქართველოსა და უკრაინაში გასაგზავნად გამიზნული შეიარაღება ინახებოდა.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ნატო-ს ჰმართებს, დაუყოვლებლივ დაიწყოს მუშაობა მოკავშირეებისა და პარტნიორების სამხედრო პოტენციალის ასამაღლებლად, რადგან შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გაძლიერების ტემპი მოკავშირების სამხედრო შესაძლებლობებისთვის სულ უფრო დიდ პრობლემად იქცევა:
«პრიორიტეტად უნდა იქცეს ძალისხმევის გაფართოება საქართველოსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად. აშშ-ის კონგრესი შექებას იმსახურებს მოთხოვნებთან შესაბამისობის მისაღწევად დამატებითი რესურსების მიმართვისთვის, თუმცა ორივე ქვეყანას კვლავინდებურად ესაჭიროება დაცვის დამატებითი ლეტალური სისტემები, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის სამომავლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად, მათ შორის – ტანკსაწინააღდეგო შეიარაღება, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, გემსაწინააღმდეგო რაკეტები და მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატები. აუცილებელია, დავეხმაროთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ისევე, როგორც ბულგარეთისას და რუმინეთისას, რათა შავ ზღვაში რუსეთის საგრძნობი სამხედრო-საზღვაო უპირატესობის კომპენსირება მოახერხონ».
თუმცა მთავარი, ბჟეზინსკის აზრით, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხია.
“ნატო-ს გაფართოება ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორია გახლდათ. ცენტრალური ევროპის დემოკრატიული ქვეყნების ალიანსში წევრობამ გააფართოვა და გააძლიერა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ზონა, ასევე თავად ჩრდილოატლანტიკური ბლოკის სამხედრო პოტენციალი. ამასთან, სწორედ ახალი წევრები იქცნენ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე ტრანსატლანტისტებად და დიდი წვლილი შეიტანეს ოპერაციებში აშშ-ის მეთაურობით, მათ შორის – ძველი კონტინენტის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს წარმატება აშკარა კონტრასტშია ჩრდილოატანტიკური კავშირის გაუბედავობასთან უკრაინისა და საქართველოს წევრობის განაცხადების დაკმაყოფილების საქმეში, და ეს – მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა მედგრად და ვაჟკაცურად შეიტანეს საკუთარი წვლილი ნატო-ს სამშვიდობო ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ გაუბედავობამ საქართველო და უკრაინა ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტზე უსაფრთხოების არარსებობის მადესტაბილიზირებელ რუხ ზონაში მოაქცია” – თვლის ბჟეზინსკი.
აი, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი კი იმაზე მიუთითებს, რომ მსგავს მდგომარეობაში, მათ შორის, თავად საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებსაც მიუძღვით წვლილი.
საქართველოზე საუბრიას მან შიდა პოლიტიკურ პრობლემებს გაუსვა ხაზი, რომლებიც, რასმუსენის შეფასებით, ბოლო თვეებში კიდევ უფრო მეტად გამოაშკარავდა და ნატო-ს წევრი სკეპტიკოსებისთვის დამატებით საბაბს წარმოადგენს თბილისისთვის უარის სათქმელად:
«მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება, გამოყენებულ იქნას ნატო-ს იმ წევრების მიერ კიდევ ერთ არგუმენტად იმისა, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატო-ში. ამდენად, ჩემი რჩევაა მთავრობის მიმართ, დროულად დაასტაბილუროს ვითარება ქვეყანაში».
მიუხედავად ამისა, სიტყვით გამომსვლელმა ექსპერტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ნატო-ს უუნარობა, ალიანსში საქართველო და უკრაინა მიიწვიოს, პრეზიდენტ პუტინს უბიძგებს, აქტიურად იმოქმედოს საკუთარი წადილის აღსასრულებლად, ეს ქვეყნები მოსკოვის კონტროლქვეშ დააბრუნოს, ამავდროულად კი იწვევს იმას, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკამ იგი მადესტაბილიზირებელ ფაქტორად აქცია. ამდენად, დღეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ ბოძად საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი გზის მინიჭება უნდა იქცეს, - დარწმუნებულები არიან ექსპერტები.
ვიდრე ნატო–ს წევრები ახალ სტრატეგიაზე ყალიბდებიან, რომელშიც საქართველოს უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შავი ზღვის კომპონენტი და ამ კონტექსტში საქართველოს ფუნქციური როლიც უნდა განისაზღვროს, თავად საქართველოში, მსუბუქად რომ ვთქვათ, სევდიანი სურათი ყალიბდება: პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე ორი წელია, პერმანენტულად იქმნება, ახალ „ძალებს“ იკრებს, სასამართლოს გადაუჭრელი პრობლემის კონტექსტში კი ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკული შენიშვნების მორიგი კასკადი იწვნია, თუმცა მიმღებლობას არც ამ შემთხვევაში ამჟღავნებს.
„შავი ზღვა ნატო–ს ინტერესს რომ წარმოადგენს, ეს ცნობილია, მაგრამ კონკრეტულად რა სტრატეგია უნდა იყოს, რამდენად და როგორ გავრცელდება ის ალიანსის არაწევრ ქვეყნებზე - ეს არის მთავარი თემა და მიმდინარეობს განსხვავებული აზრების "მოთელვა". არსებობს რამდენიმე მიმართულება: პოლიტიკური; სამხედრო–პოლიტიკური (რაც გულისხმობს სამხედრო მხარდაჭერას, რუსეთის პოლიტიკურ შეკავებას, თავსებადობის ამაღლებას, თავდაცვის სისტემის გაძლიერებას) და ის, რაც თავად ქვეყნებმა უნდა გააკეთონ საკუთარი პოლიტიკური განვითარებისთვის (ამ შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინაზე ვსაუბრობ). იმისთვის, რომ ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული, ჩვენი აქტიურობაა საჭირო. ჩვენ კი დროს სხვა რამეში ვკარგავთ და მთელი კასკადი გვაქვს შეცდომების, რითაც საკუთარ თავს ვაზარალებთ“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.
ანალიტიკოსისთვის იდეალური იქნებოდა, თუ საქართველო დროს, ენერგიას, რესურსს ზემოთ ხსენებულ დისკუსიებში მონაწილეობას მოახმარდა:
„სამწუხაროდ, ასე არ ხდება. კარგია, რომ ჩვენზე ლაპარაკობენ, მაგრამ იმით, რომ ჩვენ იქ არ ვართ, ბევრ ეჭვს ვაჩენთ და სკეპტიციზმის საბაბს ვაღრმავებთ, ცხადია, ჩვენთვის ცუდია. სხვა ვითარებაში სრულიად მიღწევადია, იგივე სენატში მსგავსი მოსმენა საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობით წარიმართოს. ამ დროს მაღალი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სენატი ერთ–ერთი მოდელია. საბოლოო ჯამში, ალიანსის ყველა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება [ნატო–ს წევრობაზე – რედ.], შესაბამისად, სტრატეგიული კომუნიკაციის "ფრონტი" გაშლილი უნდა იყოს ყველა დედაქალაქში. ხოლო ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებზეც დიდი ხანია, პარტნიორები ამახვილებენ ყურადღებას და რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს წინსვლისთვის, უნდა გადაწყდეს იმგვარად, რომ ყველა კითხვა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას. სამწუხაროდ, რეალობა განსხვავებულია“.
ფხალაძის აზრით, ამ დროისთვის საქართველოს ამოცანაა, დაიბრუნოს მოცემულობა, როდესაც ის წინსვლით, რეფორმებით, შედეგებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და ასპირანტ ქვეყნებს შორის ლიდერის პოზიციით თავს დამსახურებულად იწონებდა.
„სამწუხაროდ, ლიდერის პოზიციიდან ბევრ რამეში უკან დავიხიეთ. დღეს კითხვები ისმის, რატომ ვერ ვახერხებთ იმის გაკეთებას, რაშიც უზარმაზარი რესურსი გვაქვს დახარჯული ჩვენ და ჩვენს პარტნიორებსაც და რატომ ვართ „მაგრები“ განცხადებებში, თუმცა სუსტები ნაკისრი და თან სრულიად შესრულებადი ვალდებულებების შესრულებაში“.
ექსპერტი ამბობს, რომ სადღეისოდ მიმდინარეობს მუშაობა „შესაძლებლობების ფანჯრის“ შექმნაზე, ხოლო რამდენად ფართო იქნება ის - ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საქართველოს ამოცანაა, მას მზად დახვდეს - და ამისკენვე მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას პარტნიორებიც. მეტიც, ისინი გვაფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021