Accentnews.ge
„დაანონსებული რეპრესიები“ –  როგორ აღიქვეს სუს–ის განცხადება იურისტებმა

„დაანონსებული რეპრესიები“ –  როგორ აღიქვეს სუს–ის განცხადება იურისტებმა

03/11/2021 13:50:31 სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მორიგმა განცხადებამ რიგ პოლიტიკოსებსა და იურისტებში მოსალოდნელი დაკავებების შესახებ ეჭვები გააღრმავა, მოქალაქეები კი პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას - "რევოლუცია".

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე წუხს, რომ სუს–ი „პარტიულ სტრუქტურას“ დაემსგავსა:

"სახიფათოა ქვეყნისთვის, რომ უსაფრთხოების სამსახური დაემსგავსა პარტიულ სტრუქტურას. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ტერმინებით, პათოსით მახსენებს შალვა პაპუაშვილის ბრიფინგების ტექსტს. მუქარაა ჩვეულებრივი, რომელიც არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და არ ვხედავთ რაიმე მსგავს".

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ზჯაფარიძე არ ფიქრობს, რომ განცხადება ვინმემ სერიოზულად აღიქვა.

„მე რაც ვნახე, ბევრ „გირჩელს“ პირიქით, კამპანია აქვთ წამოწყებული, სწორედ, სოციალურ ქსელებში და რევოლუციას აანონსებენ და ა.შ. ბუნებრივად მიიღეს პასუხი, რა პასუხიც ეკუთვნის ასეთ არასერიოზულ განცხადებას. რევოლუცია თავისთავად არაფერ ცუდს არ ნიშნავს. ჩვენ გვყავს დღეს უზურპატორი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ადამიანებს დააჯეროს, რომ არჩევნების გზით ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გახდა შეუძლებელი, უბრალოდ, ამისი არავის არ სჯერა. საბოლოო ჯამში მშვიდობიანად ჩვენ ვაიძულებთ მათ, რომ ქვეყანა მივიდეს რიგგარეშე არჩევნებამდე და ამის შემდეგ ეს ხელისუფლება წავა დასასვენებლად“, - თქვა ჯაფარიძემ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად შესაძლებელია ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმის გამოყენება.

„ამ სისტემას ან ემორჩილები, თავს უხრი და, მაშინ, ხარ მონა, ან თუ ხარ მოქალაქე და გაქვს თავმოყვარეობა, მაშინ, ყველაფერს აკეთებ იმისათვის, რომ ესენი მოიშორო ხელისუფლებიდან. იმიტომ, რომ მათი არ არის ეს ხელისუფლება, მათ ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ. ამისთვის შეგიძლია გამოიყენო, ჩემი აზრით, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა“, - მიიჩნევს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

განცხადებას რეპრესიების დაანონსებად აფასებს "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმღვანელი ედუარდ მარიკაშვილი.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურს სურს, ადამიანების განწყობებზე ზეგავლენა მოახდინონ და მათ თვითცენზურა დაიწესონ, თუმცა რევოლუციაზე საუბარი დანაშაული ვერ იქნება, რადგან ეს პროცესი შეიძლება, მოიცავდეს პოლიტიკურ ბრძოლას, რომელიც შეიძლება, იყოს არაძალადობრივი, შესაბამისად –მშვიდობიანი:

"დღეს სუს-მა პირდაპირ დანაშაულად მიიჩნია რევოლუციაზე მხოლოდ „ფეისბუკში“ საუბარი... თუკი მყისიერი საფრთხე არსებობდა ვინმეს განცხადებაში, უკვე უნდა მოჰყოლოდა შედეგი - ასეთ განცხადებას ძალა უნდა ჰქონდეს [მასების მობილიზება უნდა შეეძლოს".

ედუარდ მარიკაშვილმა გაიხსენა საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელშიც მსგავსი შემთხვევაა განხილული:

"საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ნამსჯელი, რა შეიძლება იყოს მყისიერი საფრთხე. იქ აღნიშნულია, რომ მათ შორის აქციებზე გაჟღერებულმა სიტყვამ, თუნდაც ხელისუფლების შეცვლაზე, შეიძლება არ შექმნას რეალური საფრთხე. ამ დროს ფასდება კონტექსტი - რამ შეიძლება მიმართოს ადამიანები ძალადობისკენ".

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი კი ვარაუდობს, რომ განცხადება შესაძლოა, მიზნად ისახავდეს სამოქალაქო პროტესტის შეზღუდვას.

მარიკაშვილის მსგავსვსად ისიც განმარტავს, რომ ცალკე აღებული სიტყვები "რევოლუცია" ან "დამხობა" ვერ ჩაითვლება კანონდარღვევად, თუ შესაბამისი ძალადობრივი ქმედებები არ მოჰყვება მას:

"თუ ქმედება [რევოლუცია] მშვიდობიანი პროტესტია, ეს დანაშაული არ არის და ამაზე დანაშაულის დაწყება კანონს ეწინააღმდეგება. ამ განცხადებით სუს-ი წინასწარ ამბობს, რომ ადამიანებმა თავი შეიკავონ ამ საკითხზე საუბრისგან და ეს შესაძლოა მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვასაც ემსახურებოდეს".

ცნობისთვის: 3 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სოციალური ქსელებითა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მოქალაქეთა ნაწილი ისეთი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უწყება რევოლუციისკენ მოწოდებად აღიქვამს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მოწოდება, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაული იყოს, რომელიც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით", - აცხადებენ სუს-ში.

მას შემდეგ, რაც 30 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით თითქმის ყველა ქალაქში გამარჯვებულად "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები გამოცხადდნენ, მოქალაქეების ნაწილმა გააჟღერა მოსაზრება "მშვიდობიან რევოლუციაზე". ასევე ითქვა, რომ თუ რუსთავის ციხეში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ის უნდა გამოიხსნან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S