
ბასილაია: "სააკაშვილის ანალიზების მონაცემები გვაქვს, რომელიც ძალიან შემაშფოფეთებელია"
04/11/2021 08:53:36 სამართალი
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მოშიმშილე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შემაშფოთებელია.
მისი თქმით, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი.
"ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, "დედიმერი" არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. "ბილირუბინის" ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ორი ექიმის შეყვანა გახდა საჭირო სისტემის მიღმა - პულმონოლოგისა და კარდიოლოგის. ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში", - განაცხადა ბასილაიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.