როგორ დავზოგოთ საწვავის ხარჯი

04-11-2021 12:49:47 ეკონომიკა ,ეს საინტერესოა

ბოლო 10 დღის განმავლობაში საწვავის ფასი 10 თეთრით გაძვირდა, თუმცა ექსპერტები კიდევ უფრო რთულ ზამთარს პროგნოზირებენ, ვარაუდობენ რა, რომ საფასურმა შესაძლოა, კიდევ 30 თეთრით მოიმატოს, შედეგად, ბენზინის ფასი 3.60 ლარი გახდება. ფაქტორად კვლავ საერთაშორისო ბირჟები სახელდება. მსგავს ვითარებაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება საწვავის ხარჯის დაზოგვის თემა. ამ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაცია, იმავდროულად, სასარგებლო ჯანმრთელობისთვის, არის ავტომობილით მაქსიმალურად იშვიათად გადაადგილება და მეტი ქვეითად ან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით. მაგრამ თუ მსგავსი შესაძლებლობა არ გაქვთ, მსგავსი შემთხვევისთვის „აქცენტი“ სპეციალისტების რჩევებს გთავაზობთ:

მნიშვნელოვან ფაქტორად სახელდება ავტომანქანის მდგომარეობა: წელიწადში ერთხელ ავტომანქანის ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა, თუმცა ექსპერტები გვირჩევენ, რომ მცირედი ხარვეზის შემჩნევის შემთხვევაშიც მივმართოთ სპეციალისტს, რადგან ეს უკვე არა მხოლოდ ხარჯთან, უსაფრთხოებასთანაც არის კავშირში. რაც შეეხება ხარჯს, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუ ავტომანქანა ტექნიკურად მომზადებულია, ეს დაახლოებით 10%–იან ეკონომიას მოგვცემს.

ტექნიკური მომზადების კონტექსტში მნიშვნელოვნად სახელდება რამდენიმე დეტალი:

  • აალების სანთლები, ჰაერის ფილტრი უნდა შევამოწმოთ და წელიწადში ერთხელ გამოვცვალოთ;
  • სპეციალისტები ასევე მნიშვნელოვან გარემოებად ასახელებენ საბურავში წნევის დონეს: თუ იმაზე დაბალია, ვიდრე ეს მწარმოებელს აქვს მითითებული, ეს უფრო დიდ წინაღობას ქმნის და ვიღებთ საწვავის რადიკალურად მეტ ხარჯს, ვიდრე ავტომობილი მოიხმარს. რჩევაა, რომ მწარმოებლის მითითებულზე ოდნავ მეტად დავბეროთ საბურავები;
  • ასევე მნიშვნელოვანია თვლების შეყრა. თუ მაგალითად, საბურავები „იყურება“ ერთმანეთის მიმართულებით ან გაშლილად, ესეც წინააღმდეგობაა: ერთი საბურავი მოძრაობს მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ, თქვენ კი პირდაპირ ცდილობთ გადაადგილებას, შესაბამისად, წარმოიშობა წინააღმდეგობა და იზრდება საწვავის ხარჯი.

გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ავტომანქანა ზედმეტი ტვირთისგან გავათავისუფლოთ, რადგან შემსუბუქებული ავტომობილი ბევრად უფრო ეკონომიურია (4%–ით ზოგავს საწვავისას.). ცხადია, არ იგულისხმება სათადარიგო საბურავი.

უხეში მართვა: თუ მყისიერად ვრთავთ ავტომობილს, აგრესიულად ვამუხრუჭებთ შუქნიშანთან და შემდეგ განვაგრძობთ იმავეს, ეს იწვევს საწვავის დამატებით ხარჯვას. რეკომენდაციაა „რბილად“ მართვა, მათ შორის, ძრავის ბრუნვა არ უნდა აღემატებოდეს 2 000–ს და სპეციალისტები გვპირდებიან, რომ მსგავს შემთხვევაში საწვავის ხარჯის 14–20%–ს დავზოგავთ.

გავრცელებული ჩვევები:

  • გარდა ამისა, თუ საცობში დგომის პერიოდი წუთზე ნაკლებია, არაა რეკომენდებული ავტომობილის ჩაქრობა, რადგან გაიზრდება საწვავის მოხმარება.
  • ამასთან, რეკომენდაცია ზამთარში ავტომობილის „გახურებაზე“ არის 1 წუთი და არა უფრო ხანგრძლივი დრო.
  • კონდიციონერი სპეციალური აგრეგატია, რომელსაც სჭირდება დამატებითი ცხენის ძალა, რაც ცხადია, ზრდის საწვავის მოხმარებას და მოკლე მანძილზე უმჯობესია, არ იქნას გამოყენებული.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები