
„ემპათია“ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს
04/11/2021 11:43:58 სამართალი
ცენტრი “ემპათია”, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით ალტერნატიული კონსილიუმი შექმნა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობაში ადანაშაულებს და უწყებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ 3 ნოემბერს მიიღო სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, პენიტენციური მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას ჯანდაცვის სამინისტროდან ექსპერტების პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვნაზე.
"03/11/2021 წელს ცენტრი „ემპათია“ -ს ელ. ფოსტაზე, 21:11 სთ - ზე მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის ქნ. თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქალბატონი დემურიშვილი მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას, რათა მან მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა სპეციალურ სამსახურის მიერ დამუშავებული იქნას ექსპერტთა პერსონალური ინფორმაცია, მოხდეს ექსპერტთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ეჭვი შეაქვს ექსპერტთა კვალიფიკაციაში. საჯაროდ, მივმართავთ, ქნ. დემურიშვილს დააზუსტოს რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, ვინაიდან ყველა ექსპერტის პროფესიული სახელმწიფო სერთიფიკატი წარდგენილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი ცენტრი "ემპათია" -ს მიმართვაში 29/11/2021 წელს. აღნიშნული სერთიფიკატები არის საჯარო და ხელმისაწვდომი სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე: http://45.8.38.201/certificate/index.php?search=004759. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, ასევე, საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, არღვევს ციხეების ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით დაუშვებელია და პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული აზრი თავისი მდგომარეობის შესახებ. ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უფლება და მან თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს", - აცხადებს ორგანიზაცია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.